„ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ ფოთის მერობის კანდიდატად გიგი უგულავას წარადგენენ
„ნაციონალური მოძრაობის“ ფოთის ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ფოთის მერობის კანდიდატად გიგი უგულავას წარადგენენ. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს პარტიის ფოთის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, დარეჯან ცხვიტარიამ განუცხადა.
კითხვაზე, რატომ შეირჩა გიგი უგულავა თინა ბოკუჩავას ნაცვლად, დარეჯან ცხვიტარიამ აღნიშნა, რომ კანდიდატის ჩანაცვლება არ მომხდარა.
„თინა ბოკუჩავას ნაცვლად რატომ, გადაწყვეტილება იქნა ასე მიღებული. ჩანაცვლება არ მომხდარა, უბრალოდ გადაწყვეტილების პროცესში ვიყავით და საბოლოოდ გადაწყდა გიგი უგულავა. არჩევანი იყო ძალიან ბევრი, თუმცა ბოლოს გადაწყდა გიგი უგულავა“, – აღნიშნა დარეჯან ცხვიტარიამ.
მისივე თქმით, ფოთი არის სტრატეგიული ქალაქი, გივი უგულავა კი არის წონიანი პოლიტიკოსი და სწორედ ამ ნიშნით მოხდა მისი შერჩევა.
„გიგი უგულავა გაერთიანების ლიდერად გამოდის, ოღონდ ნომერი იქნება 5. მძიმე წონის პოლიტიკოსია და ჩვენთვის ახლა ყველაზე მთავარია რეფერენდუმი. გიგი არის რეფერენდუმისთვის მომზადებული. ეს რეფერენდუმი უნდა მოვიგოთ, რადგან საქართველოს ყოფნა-არყოფნის საკითხი დგას. ასე სკრუპულოზურად რომ მივუდგეთ ამ საკითხს, ასე არ არის. ეს ხელისუფლება უნდა გავუშვათ პოლიტიკურ მოუსავლეთში და ამისთვის ყველაფერი უნდა გავაკეთოთ. პოლიტიკურად წონიანი პოლიტიკოსი იმიტომ მოდის აქ, რომ ჩვენ გავდივართ ბრძოლის ველზე, ეს ბრძოლის ველი გვაქვს მოსაგები. დიდგორზე გავდივართ, დიდგორზე დავით აღმაშენებელს სწორი სტრატეგია ჰქონდა და იმიტომაც მოიგო. ახლა სწორედ ეს სტრატეგია არის შემუშავებული: მძიმე წონის, გამოცდილი, კვალიფიციური პოლიტიკოსი. ფოთი არის სტრატეგიული ქალაქი, სჭირდება ამ ქალაქს და ამიტომაც იქნა გამოშვებული“, – განაცხადა დარეჯან ცხვიტარიამ.
კითხვაზე, ხომ არ გამოიწვევს თინა ბოკუჩავას განაწყენებას აღნიშნული გადაწყვეტილება, ცხვიტარიამ აღნიშნა, რომ ყველაფერი შეთანხმებულია.
„არა, გენაცვალე, შეთანხმებულია ყველაფერი. შეუთანხმებლად ჩვენთან არაფერი ხდება. თინა ბოკუჩავაც ემხრობოდა ამ კანდიდატურას და ყველა ერთად. იქ ყველა ერთხმად იღებს გადაწყვეტილებას, ერთპიროვნულად არაფერი ხდება. ასე რომ, ჩვენთან არის განსხვავებული აზრი. ზუსტად ამიტომაც არის ეს პარტია მდიდარი და საბოლოოდ, ყველა ერთად ღებულობს შედეგს“, – აღნიშნა დარეჯან ცხვიტარიამ.
საქართველოს პირველი არხი თინა ბოკუჩავასაც დაუკავშირდა, რომელმაც განაცხადა, რომ ამ თემაზე კომენტარს არ აკეთებს.
„ნაციონალური მოძრაობის“ ფოთის ორგანიზაციის თავმჯდომარე დარეჯან ცხვიტარიამ რამდენიმე დღის წინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ფოთში გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატი თინა ბოკუჩავა იქნებოდა. მას შემდეგ კი, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში გამართულ ღონისძიებაზე ფოთის მერობის კანდიდატი არ დასახელდა, დარეჯან ცხვიტარიამ განმარტა, რომ თინა ბოკუჩავას დასახელების გადაწყვეტილება შეიცვალა და ფოთის მერობის კანდიდატის საკითხი პარტიაში კვლავ განხილვის საგანი იყო.