თინა ბოკუჩავა აცხადებს, რომ გავრცელებული აუდიოჩანაწერის ფიგურანტი ორი პირი გაერთიანებული ოპოზიციის შტაბის წევრი არ არის
თინა ბოკუჩავა აცხადებს, რომ გავრცელებული აუდიოჩანაწერის ფიგურანტი ორი პირი გაერთიანებული ოპოზიციის შტაბის წევრი არ არის

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, პარტია „ქართული ოცნების“ მიერ გავრცელებული აუდიოჩანაწერის ფიგურანტი ორი პირი გაერთიანებული ოპოზიციის შტაბის წევრები არ არიან.

როგორც ჟურნალისტებს ბოკუჩავამ განუცხადა, ყველა სახის განცხადებას გმობს შესაძლო ძალადობასთან დაკავშირებით.

„ეს განცხადება უკიდურესი ცინიზმია არჩილ თალაკვაძისგან, მამუკა მდინარაძისა და გიორგი გახარიასგან მაშინ, როცა სანდრა რულოვსის მთელი საარჩევნო კამპანია ძალადობის ფონზე მიმდინარეობდა, ადგილი ჰქონდა არა მხოლოდ ძალადობრივ განცხადებებს, არამედ ფიზიკურ ძალადობას მის წინააღმდეგ.

ორი პირი, რომელიც დასახელებული იყო აუდიოჩანაწერში, გაერთიანებული ოპოზიციის შტაბის წევრები არ არიან, თუმცა ვგმობთ ყველა სახის განცხადებასაც კი შესაძლო ძალადობასთან დაკავშირებით.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მოვუწოდებ, დაუყონებლივ გამოიძიოს, ჩანაწერი არის თუ არა ავთენტური და რა ვითარებაში მოხდა ჩაწერა. გამოვრიცხავ, რომ ჩანაწერი გაკეთებულია თათბირზე, რადგან ისინი გაერთიანებული ოპოზიციის შტაბის წევრები არ არიან. მიუხედავად იმისა, რომ გამოძიებას არ ვენდობით, მოვითხოვთ, რომ გამოძიება ჩაატარონ. ჩემთვის ორი ქალის სახელი და გვარია ცნობილი, ერთ-ერთს ვიცნობ, თუმცა ვადასტურებ, რომ მათ გაერთიანებულ შტაბთან არანაირი შემხებლობა არ აქვთ. არ ვაპირებთ, რომ ვინმეს ან რამეს ხელი დავაფაროთ, გამოიძიონ“, – განაცხადა ბოკუჩავამ.

„ქართულმა ოცნებამ“ აუდიოჩანაწერი დღეს გაავრცელა.  ჩანაწერის მიხედვით, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი სიტუაციის დაძაბვაზე საუბრობს და აცხადებს, რომ „არჩევნების მოგების ან წაგების შემთხვევაში ზუგდიდი მაინც უნდა ადუღდეს“.