„ქართული ოცნება“ აუდიოჩანაწერს ავრცელებს, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ამბობს, რომ მოგების ან წაგების შემთხვევაში ზუგდიდსა და აჭარაში ყველაფერი უნდა ადუღდეს

პარტია „ქართული ოცნება“ აუდიოჩანაწერს ავრცელებს.

„ქართული ოცნების“ მიერ გავრცელებული ჩანაწერის მიხედვით, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ნინია ცისკარიშვილი სიტუაციის დაძაბვაზე საუბრობს და აცხადებს, რომ „არჩევნების მოგების ან წაგების შემთხვევაში ზუგდიდი მაინც უნდა ადუღდეს“.

„ის ძალა, რომელიც წამოვა ზუგდიდიდან, აუცილებელია, რომ შეუერთდეს დასავლეთ საქართველოს მთლიანად. იმიტომ, რომ იქ ზესტაფონში და სამტრედიაში გვყავს პლუს ამას. აჭარა უნდა ადუღდეს რადგან „პადძერჟკა“ მისცეს ამ ყველაფერს იმიტომ, რომ აჭარა არის ძალიან დიდი რეგიონი და ვარშალომიძეს ყავს ძალიან ბევრი ადამიანი. იქ უნდა შეუერთდეს უკვე ქუთაისი, ზესტაფონი, ხონი, გორი უნდა შეუერთდეს. აი, ამისთვის თბილისში მინიმუმ ათასი ათას კაციანი მობილიზებული ჯგუფი, ჩვენ რაც გვინდოდა მაგალითად თელავში. მობილიზება აქედან იქით, ეს ნიშნავს, რომ გზა გადაიხერგება და უნდა გავწყდეთ შუაზე“, – აცხადებს ნინია ცისკარიშვილი გავრცელებულ აუდიოჩანაწერში.

როგორც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, ჩანაწერში „ნაციონალური მოძრაობის“ ორი აქტივისტი ნინია ცისკარიშვილი და სალომე ჭელიძე საუბრობს.