ტიმის მენეჯერი - ბოდიში მხოლოდ ჯოკოვიჩმა უნდა მოიხადოს, ეს მისი ორგანიზებული იყო
მსოფლიოს მესამე ჩოგანის, დომინიკ ტიმის მენეჯერმა გერვიგ სტრაკამ აზრი გამოთქვა თავისი კლიენტის მონაწილეობის შესახებ ნოვაკ ჯოკოვიჩის მიერ მოწყობილ ტურნირზე (Adria Tour), რომელიც კორონავირუსის გავრცელების კერა გახდა.
„რა თქმა უნდა, ახლა ყველასთვის ცხადია, რომ ეს დიდი სისულელე იყო, თუნდაც ყველა იმ უფლების გათვალისწინებით, რომელიც ორგანიზატორებმა მიიღეს. ასეა თუ ისე, დღეს ვერანაირი საჯარო ბოდიშები საქმეს ვერ უშველის.
მიუხედავად ამისა, ბოდიში მხოლოდ ჯოკოვიჩმა უნდა მოიხადოს. სწორედ მისი ორგანიზებული იყო ყველაფერი. დანარჩენი მოთამაშეები კი მიწვევით ჩავიდნენ იქ. მათ არავინ მოუკლავთ.
ტურნირის სტარტის წინ, სამედიცინო პროტოკოლი მოვითხოვე. დამარწმუნეს, რომ ტრიბუნებზე ათასზე მეტი გულშემატკივარი არ იქნებოდა, ყველგან დაიცავდნენ სოციალურ დისტანციას. მხოლოდ და მხოლოდ ამ პირობებზე დავთანხმდით. რეალურად, არანაირ წესს არ იცავდნენ.
საერთო ჯამში, ტურნირი უცნაური გამოვიდა. იქ ყველა მხოლოდ ჯოკოვიჩის გამო ჩავიდა. ის პირადად რეკავდა და თითოეულს ეპატიჟებოდა“, – თქვა სტრაკამ გამოცემა „სტანდარტთან“ კომენტარში.
Adria Tour-ის მონაწილეთაგან კორონავირუსით დაავადნენ თავად ჯოკოვიჩი, გრიგორ დიმიტროვი, ბორნა ჩორიჩი და ვიქტორ ტროიცკი. ორი დღის წინ, ამ სიას მიემატა ჯოკოვიჩის მწვრთნელი გორან ივანიშევიჩი.