The Athletic-ი - „ბაიერნი“ და „ტოტენჰემი“ ჰარი კეინის ტრანსფერზე შეთანხმდნენ - ახლა გადაწყვეტილება ფეხბურთელმა უნდა მიიღოს #1TVSPORT
ავტორიტეტული ბრიტანული გამოცემის, The Athletic-ის ინფორმაციით, მიუნხენის „ბაიერნი“ ლონდონის „ტოტენჰემს“ ჰარი კეინის ტრანსფერზე შეუთანხმდა.
ბუნდესლიგის ჩემპიონი „ტოტენჰემს“ კეინის სანაცვლოდ 100 მილიონ ევროს გადაუხდის. ახლა გადაწყვეტილება თავად 30 წლის ინგლისელმა ფეხბურთელმა უნდა მიიღოს – დარჩება პრემიერლიგაში თუ კარიერას „ბაიერნში“ გააგრძელებს.
აქამდე არსებული ინფორმაციით, კეინს სურდა, ყველაფერი პრემიერლიგის ახალი სეზონის დაწყებამდე გარკვეულიყო. ინგლისის ჩემპიონატის პირველი ტურის მატჩი „ტოტენჰემს“ 13 აგვისტოს „ბრენტფორდთან“ აქვს.
ინგლისელს „ტოტენჰემთან“ კონტრაქტის ბოლო 11 თვე დარჩა და მხარეები ახალი ხელშეკრულების დეტალებზე ვერ თანხმდებოდნენ.
ჰარი კეინი 58 გატანილი გოლით – ინგლისის ნაკრების, ხოლო 280 გოლით „ტოტენჰემის“ ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია. ის ასევე მეორე ადგილს იკავებს პრემიერლიგის საუკეთესო ბომბარდირთა სიაში 213 გოლით, წინ მხოლოდ ალან შირერია, რომელსაც 260 გოლი აქვს.
ექსპერტთა ნაწილი ფიქრობს, რომ კეინისთვის, შესაძლოა, პრიორიტეტული სწორედ ალან შირერის რეკორდის მოხსნა იყოს და „ტოტენჰემში“ დარჩენის გადაწყვეტილება მიიღოს, თუმცა, მეორე მხრივ, „ბაიერნთან“ ერთად ტიტულების მოგების ალბათობა მეტია. კეინს კარიერაში ჯერ გუნდური ტიტული მოპოვებული არ აქვს. დიდი ალბათობით, ფეხბურთელი საკუთარ პოზიციას 13 აგვისტომდე გააჟღერებს.