თეთრი სახლი - ჯო ბაიდენმა ისააკ ჰერცოგთან სატელეფონო საუბრისას ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ არ შეწყვეტს მცდელობას, ვიდრე ყველა დარჩენილ მძევალს უსაფრთხოდ არ დააბრუნებს სახლში
აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და ისრაელის პრეზიდენტ ისააკ ჰერცოგს შორის „ჰამასის“ მიერ ისრაელზე განხორციელებული თავდასხმიდან ერთი წლისთავთან დაკავშირებით სატელეფონო საუბარი გაიმართა.
ჯო ბაიდენმა საუბრისას თანაგრძნობა გამოხატა ისრაელელი ხალხის მიმართ.
„ბაიდენმა გამოხატა ღრმა მწუხარება ისრაელელი ხალხისა და იმ 1200 უდანაშაულო ადამიანის, მათ შორის ამერიკის 46 მოქალაქის ოჯახების მიმართ, რომლებიც ტერორისტულმა დაჯგუფება „ჰამასმა“ მოკლა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ არასდროს შეწყვეტს მცდელობას, ვიდრე ყველა დარჩენილ მძევალს უსაფრთხოდ არ დააბრუნებს სახლში“, -ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბაიდენმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ისრაელის მიმართ მხარდაჭერა, დაიცვას თავი ირანისა და ირანის მხარდაჭერით მოქმედი ყველა ტერორისტული დაჯგუფებების, მათ შორის „ჰეზბოლას“, „ჰამასისა“ და „ჰუსიტების“ თავდასხმებისგან.
ამასთან, განცხადებაში ნათქვამია, რომ პრეზიდენტებმა ისაუბრეს შეთანხმების მიღწევაზე, რომელიც უზრუნველყოფს მძევლების დაბრუნებას, ისრაელის უსაფრთხოებას, პალესტინელი მშვიდობიანი მოსახლეობის ტანჯვის შემსუბუქებას და ხანგრძლივ მშვიდობას, რომლის დროსაც „ჰამასი“ ვეღარ შეძლებს ღაზის კონტროლს ან სამხედრო შესაძლებლობების აღდგენას.
ისრაელის მხარის განცხადებაში ნათქვამია, რომ ბაიდენის თქმით, „ჰამასის“ მიერ ჩადენილმა სისასტიკეებმა შეახსენა ყველას ირანისა და რეგიონში მისი მოკავშირეების მხრიდან მნიშვნელოვანი საფრთხის არსებობა.
„ჰერცოგმა მადლობა გადაუხადა პრეზიდენტ ბაიდენს ზარისთვის და ომის დაწყებიდან ისრაელის მტკიცე მხარდაჭერისთვის და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ისრაელი ამას არასდროს დაივიწყებს“, – წერს ისრაელის პრეზიდენტის ოფისი.