თერთმეტმა ევროპარლამენტარმა ია კერზაიას საქმეზე საქართველოს პრემიერ-მინისტრს წერილით მიმართა
ევროპარლამენტის 11-მა დეპუტატმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, მამუკა ბახტაძეს ია კერზაიას საქმეზე წერილით მიმართა. ევროპარლამენტარების წერილში აღნიშნულია, რომ ზუგდიდის მე-6 სკოლის დირექტორზე პოლიტიკური ზეწოლა ხორციელდებოდა და აღნიშნულ საქმეზე სწრაფი და დეტალური გამოძიება უნდა ჩატარდეს, რათა დადგინდეს ია კერზაიას გარდაცვალების ზუსტი მიზეზები.
ევროპარლამენტარები აცხადებენ, რომ რამდენიმე დღით ადრე, ვიდრე ია კერზაიას ინსულტი დაემართებოდა, საჯაროდ განაცხადა და სახალხო დამცველსაც მიმართა, რომ მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიაში ჩართვის მიზნით, მასზე ინტენსიური ზეწოლა ხორციელდებოდა. ევროპარლამენტარებს წერილში მოჰყავთ „სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ ანგარიში. ანგარიშის მიხედვით, 2018 წლის ნოემბერში ზუგდიდის სკოლაში ჩატარებული შემოწმების ირგვლივ არსებული გარემოებები აჩენს ეჭვებს, რომ საპრეზიდენტო არჩევნების წინ, შემოწმების მექანიზმები პოლიტიკური მიზნებისთვის იყო გამოყენებული.
„ფაქტობრივად, ჩვენ ვიცით, რომ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ 2018 წელს შვიდი სკოლა შეამოწმა. ექვსი სკოლა შემოწმდა ნოემბერში, საპრეზიდენტო არჩევნების პირველ და მეორე ტურებს შორის. მათ შორის იყო ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლა. მეტიც, ია კერზაის ოჯახის წევრების ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც სკოლის დირექტორმა ხელისუფლებასთან თანამშრომლობაზე უარი განაცხადა, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტრომ ზუგდიდში ორი ინსპექტორი გაგზავნა. ინსპექტორებმა ორი კვირის შემდეგ დასკვნა წარადგინეს და სკოლის მმართველ საბჭოს ია კერზაიას გაშვების რეკომენდაცია მისცეს“, – აღნიშნულია წერილში.
წერილში ასევე მოყვანილია ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის სადამკვირვებლო მისიის ანგარიში. ანგარიშის მიხედვით, საარჩევნო კამპანია აღინიშნა მკაცრი რიტორიკით და ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენების ზრდით, რამაც პარტიას და სახელმწიფოს შორის ზღვარი კიდევ უფრო ბუნდოვანი გახადა. შეშფოთების საგნად ასევე დასახელებულია იმავე ანგარიშის ნაწილი, სადაც მმართველი პარტიის მხრიდან ზეწოლასა და დაშინებაზეა საუბარი.
„გულწრფელ იმედს გამოვთქვამთ, რომ საქართველოს მთავრობა ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებების ოფისის მიერ იდენტიფიცირებულ ხარვეზებს გამოასწორებს. გვჯერა, რომ საქართველოს და მისი დემოკრატიული მომავლის ინტერესშია, პროკურატურის და მართლმსაჯულების ორგანოების მხრიდან ია კერზაის საქმის ყოვლისმომცველი და დროული გამოძიება, რომ დამნაშავეები მართლმსაჯულების წინაშე წარდგებიან. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ უნდა განმარტოს სკოლების შემოწმების სტანდარტები და მეთოლოგია და თავი შეიკავოს წინასაარჩევნო პერიოდში მსგავსი მექანიზმების გამოყენებისგან. ჩვენ, ევროპარლამენტში საქართველოს მეგობრები ველოდებით, რომ საქართველოს მთავრობის მხრიდან წინასაარჩევნო კამპანიების დროს საჯარო მოხელეებზე ზეწოლა არ განხორციელდება. გვჯერა, რომ ია კერზაიას საქმის ირგვლივ გარემოებების დადგენა ძალიან მნიშვნელოვანია“, – აღნიშნულია ევროპარლამენტარების წერილში. წერილს ხელს აწერენ ანა გომესი, მაიკლ გალერი, რებეკა ჰარმსი, ნატალი გრისბექი, ჯული უორდი, ალინ სმითი, ტუნ კელამი, ბარტ სტაესი, ტანია გონსალეს პენია, ხოსე ინაციო ფარია და ჟან ლამბერტი.