ტერეზა მეის განცხადებით, დიდი ბრიტანეთის ჯარების სამიზნე სირიაში ქიმიური იარაღია 
ტერეზა მეის განცხადებით, დიდი ბრიტანეთის ჯარების სამიზნე სირიაში ქიმიური იარაღია 

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი აცხადებს, რომ ბრიტანულ ჯარებს მისცა ბრძანება, სირიის ტერიტორიაზე ქიმიური იარაღის გასანადგურებლად დარტყმები განახორციელონ. ამის შესახებ Reuters-ი იუწყება.

ტერეზა მეის განცხადებით, საუბარი არ არის სირიაში სამოქალაქო დაპირისპირებაში ჩარევაზე და მათი ქმედებები არ გაართულებს რეგიონში დაძაბულობას.

მისივე თქმით, ყველაფერს გააკეთებენ, რათა მშვიდობიანი მოსახლეობა არ დაზარალდეს.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დღეს განაცხადა, რომ ქალაქ დუმაში ქიმიური იარაღით სავარაუდო თავდასხმის საპასუხოდ, სირიაზე სარაკეტო დარტყმების განხორციელების ბრძანება გასცა.

„აშშ-ის შეიარაღებულ ძალებს მივეცი ბრძანება, წერტილოვანი დარტყმები განახორციელონ სამიზნეებზე, რომლებიც დაკავშირებულნი არიან სირიის დიქტატორ ბაშარ ასადის ქიმიურ იარაღთან“, – განაცხადა ტრამპმა.

დონალდ ტრამპის განცხადებით, სირიის ხელისუფლების წინააღმდეგ ოპერაციაში დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთიც ერთვებიან.

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადების შემდეგ, სირიის დედაქალაქ დამასკოში აფეთქებები მოხდა, – ამის შესახებ Reuters-ი თვითმხილველზე დაყრდნობით იუწყება. თვითმხილველის ცნობით, სულ მცირე, ექვსი ძლიერი აფეთქების ხმა გაისმა, ქალაქში კვამლია. კიდევ ერთი თვითმხილველის თქმით, ერთ-ერთი აფეთქება მოხდა ტერიტორიაზე, სადაც სამეცნიერო-კვლევითი ცენტრია განთავსებული.