ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი მაღალი რანგის მინისტრებს დაუნინგ სტრიტზე გამართულ საგანგებო თათბირზე შეხვდა, სადაც მათ იმსჯელეს, უნდა შეუერთდეს თუ არა სირიის მთავრობის წინააღმდეგ შესაძლო სამხედრო მოქმედებებში ბრიტანეთი ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საფრანგეთს.
როგორც შეხვედრის შემდეგ დაუნინგ სტრიტის სპიკერმა განაცხადა, მინისტრებმა მხარი დაუჭირეს ტერეზა მეის პოზიციას, რომ საჭიროა ზომების მიღება ჰუმანიტარული კატასტროფის თავიდან ასაცილებლად და ასადის რეჟიმის მიერ განმეორებით ქიმიური იარაღის გამოყენების აღკვეთისთვის.
„კაბინეტი შეთანხმდა, რომ პრემიერ-მინისტრმა უნდა განაგრძოს თანამშრომლობა აშშ-სა და საფრანგეთთან და ერთად შეჯერდნენ საერთაშორისო რეაგირების ფორმატზე“, – ნათქვამია ტერეზა მეის ადმინისტრაციის განცხადებაში.
მანამდე ბრიტანეთის პრემიერი აცხადებდა, რომ სირიის ქალაქ დუმაში მოხდა „ბარბაროსული თავდასხმა, რისი დაუსჯელად დატოვებაც დაუშვებელია“.