თეონა აქუბარდია - საქართველო რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მისაღწევად უნდა პოზიციონირებდეს, როგორც დასავლეთის საყრდენი
თეონა აქუბარდია - საქართველო რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მისაღწევად უნდა პოზიციონირებდეს, როგორც დასავლეთის საყრდენი

საქართველო, როგორც დასავლეთის საყრდენი, ისე უნდა პოზიციონირებდეს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მისაღწევად, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ის, რომ საქართველოს უმნიშვნელოვანესი ფუნქცია ჰქონდა რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობის განვითარების თვალსაზრისით, ეს მოცემულობა მნიშვნელოვნად შეიცვალა, რამდენადაც შუამავლობის კარგად დაწყებული პროცესი ვერ გაგრძელდა ისე, როგორც სასურველი იყო.

„ამის მტკიცებულება მოლდოვაში სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერების შეხვედრა იყო. რა თქმა უნდა, საქართველო კიდევ უფრო აქტიური უნდა იყოს, ვიდრე ახლა არის. ეს უნდა გაკეთდეს, რათა ჩვენს რეგიონში იყოს მშვიდობა და სტაბილურობა. პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ რეგიონში თავიანთ განვითარებას საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი თავად უნდა წყვეტდნენ, მაგრამ როცა ამას საქართველო ამბობს, რომელსაც ევროკავშირში გაწევრიანება უნდა, ეს არც თუ ისე სწორად აღსაქმელია, რადგან ერთადერთი ძალა, რომელიც რეგიონის განვითარებას მკვეთრად უპირისპირდება, რუსეთია თავისი საოკუპაციო პოლიტიკით და მცდელობით. ამიტომ საქართველო, როგორც დასავლეთის საყრდენი, ისე უნდა პოზიციონირებდეს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მისაღწევად“, – განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, ილჰამ ალიევთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა: „სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანამ უნდა შევძლოთ, თავადვე გადავწყვიტოთ რეგიონის საკითხები, ჩვენი შემდგომი განვითარება, ჩვენი მომავალი უნდა იყოს მშვიდობიანი, სტაბილური“.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ირაკლი ღარიბაშვილს მადლობა გადაუხადა: „მადლობა ირაკლი ღარიბაშვილს, რომ გვთავაზობს ფასილიტატორის როლს, თუ სომხეთის თანხმობა იქნება, მყისიერად დავიწყებთ შეხვედრებს აქ, საქართველოში“.