თენგიზ სულაქველიძე იუბილარია - ყველაზე მეტად გული იმაზე მწყდება, რომ საქართველოს ნაკრებში არ მითამაშია #1TVSPORT
თენგიზ სულაქველიძე იუბილარია – საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული ნახევარმცველი, ქუთაისის „ტორპედოსა“ და თბილისის „დინამოს“ ყოფილი მოთამაშე 23 ივლისს 68 წლის გახდა.
სულაქველიძემ კარიერა 1974 წელს ქუთაისის „ტორპედოში“ დაიწყო, თბილისის „დინამოში“ კი 1978 წელს გადავიდა და გუნდის ყველაზე მნიშვნელოვანი წარმატებების ერთ-ერთი მთავარი მონაწილეა. „დინამოს“ შემადგენლობაში გახდა საბჭოთა კავშირის ჩემპიონი (1978) და ბრინჯაოს პრიზიორი (1981), საბჭოთა კავშირის თასისა (1979) და ევროპის თასების მფლობელთა თასის (1981) გამარჯვებული.
თენგიზ სულაქველიძემ 1981 წელს თასების მფლობელთა თასის ნახევაფინალში, როტერდამის „ფეიენოორდთან“ თბილისურ მატჩში შესრულებული დუბლით გუნდის ფინალში გასვლაში დიდი როლი ითამაშა. 1982 წელს კი იმავე ტურნირის მეოთხედფინალში, ვარშავაში „ლეგიას“ გოლი თითქმის მოედნის ცენტრიდან გაუტანა და „დინამო“ ზედიზედ მეორედ გავიდა ნახევარფინალში.
1980-1988 წლებში იყო საბჭოთა კავშირის ნაკრების წევრი, რომლის შემადგენლობაში 49 მატჩი ითამაშა და ორი ბურთი გაიტანა. არის 1980 წლის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი, 1982 წლის მსოფლიო ჩემპიონატის (ესპანეთი) მონაწილე და 1988 წელს ევროპის პირველობის ვიცე-ჩემპიონი.
2011 წლის 17 მაისს, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, თბილისის „დინამოს“ მიერ თასების მფლობელთა თასის მოპოვების 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით, 1981 წლის თბილისის „დინამოს“ სრულ შემადგენლობასა და სამწვრთნელო შტაბთან ერთად, თენგიზ სულაქველიძეს საქართველოს სპორტის რაინდის წოდება მიენიჭა.
ტიტულოვან სპორტსმენს მაინც სინანულის განცდა აქვს, რომლის შესახებაც ორი წლის წინ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ ისაუბრა.
„ყველაზე მეტად გული იმაზე მწყდება, რომ საქართველოს ნაკრებში არ მითამაშია. საბჭოთა ნაკრების წევრი ვიყავი და მასთან ერთად ოლიმპიადასა და ევროპის ჩემპიონატზე მედლები მოვიპოვე, მაგრამ საქართველოს ნაკრებში გამოსვლა სულ სხვა განცდა და ემოციაა“, – განაცხადა თენგის სულაქველიძემ.