საფეხბურთო ტაიმაუტი | თენგიზ სულაქველიძე - ხვიჩა კვარაცხელიას წინააღმდეგ თამაში ძალიან რთულია 1TVSPORT
საფეხბურთო ტაიმაუტი | თენგიზ სულაქველიძე - ხვიჩა კვარაცხელიას წინააღმდეგ თამაში ძალიან რთულია 1TVSPORT

საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტის“ სტუმარმა, ლეგენდარული თბილისის „დინამოს“ ნახევარმცველმა, თენგიზ სულაქველიძემ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა და იტალიის ჩემპიონობა მიულოცა.

„მინდა, ხვიჩას ეს დიდი წარმატება მივულოცო, ეს პატარა ამბავი არ არის. საქართველოს ჩემპიონატიდან წახვიდე და პირველივე წელს იტალიაში ამხელა წარმატებას მიაღწიო, ძალიან ძნელია. მიხარია, რომ ასეთი მაგარი ბიჭი გვყავს.

როგორი იქნებოდა ხვიჩას წინააღმდეგ თამაში? მითამაშია მარადონას, ელკიაერ-ლარსენის, ბლოხინისა და სხვა ცნობილი ფეხბურთელების წინააღმდეგ, მაგრამ ხვიჩას აყვანა ძალიან რთული იქნებოდა, რადგან ვერ გაიგებ, რას მოიმოქმედებს. ბურთს თუ მიაღებინებ, ართმევა რთულია. დაახლოებით ბოლო 20-30 წელია საქართველოში ამ ასაკში მსგავსი ფეხბურთელი არ მინახავს.

თუმცა, ნელ-ნელა თამაში უფრო და უფრო გაუჭირდება, რადგან უკეთ შეისწავლიან. დღევანდელი ფეხბურთი რთული გახდა, ამიტომ ხვიჩას მეტი შრომა დასჭირდება, რომ კვლავ მაღალ დონეზე ითამაშოს.

კვარაცხელიას აკრიტიკებენ, რომ მცველებს ნაკლებად ეხმარება, მე კი მგონია, რომ თავდამსხმელი, ვინც შეტევაში რამეს ქმნის, დაცვითი ფუნქციებისგან გათავისუფლებული უნდა იყოს“, – ამბობს თენგიზ სულაქველიძე.