საფეხბურთო ტაიმაუტი | თენგიზ სულაქველიძე - 1978 წელს ჩემპიონის მედალი ვერ მივიღე #1TVSPORT
საფეხბურთო ტაიმაუტი | თენგიზ სულაქველიძე - 1978 წელს ჩემპიონის მედალი ვერ მივიღე #1TVSPORT

ლეგენდარული თბილისის „დინამოს“ ნახევარმცველმა, თენგიზ სულაქველიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ 1978 წლის საჩემპიონო სეზონი გაიხსენა.

„მაშინ 22 წლის ვიყავი. სეზონი მთლიანად არ ჩამიტარებია, რადგან ნოდარ ახალკაცმა ქუთაისის „ტორპედოდან“ თბილისის „დინამოში“ სწორედ 1978 წელს, მეორე წრეში ჩამომიყვანა და რვა თუ ათი შეხვედრა ვითამაშე. თუმცა, ჩემდა სამწუხაროდ, მედალი არ შემხვდა, რადგან, მაშინდელი წესით, მედალს მხოლოდ ის ფეხბურთელი იღებდა, ვინც თამაშების 50 პროცენტს ჩაატარებდა, მაგრამ მედალზე მნიშვნელოვანი იყო, რომ გუნდმა ჩემპიონის ტიტული მოიგო და ამაში პატარა წვლილი მეც შევიტანე.

ბედნიერი ვიყავი, რომ ასეთ გუნდში მომიწია გამოსვლა – ამ სეზონის შემდეგ სულ „დინამოს“ ძირითად შემადგენლობაში ვთამაშობდი. მანამდე ქუთაისის „ტორპედოდან“ საბჭოთა კავშირის მეორე ნაკრებში მიწვევდნენ. „დინამოში“ გადმოსვლის შემდეგ კი მთავარ ნაკრებშიც სწრაფად ამიყვანეს“, – ამბობს თენგიზ სულაქველიძე.