თენგიზ შარმანაშვილი – სახელმწიფო ინსტიტუტებს ვინც ცნობს, სახელმწიფოც გადადგამს მისკენ ნაბიჯს, თუ ასე ვიმოძრავებთ, სიძულვილს ოპონირება ჩაანაცვლებს
ეს არის ძალიან მისასალმებელი. ვინც სახელმწიფო ინსტიტუტებს ცნობს, სახელმწიფოც გადადგამს მისკენ ნაბიჯს, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, თენგიზ შარმანაშვილმა პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის მიერ, მათ შორის, სხვადასხვა დროს საპროტესტო აქციებზე დაკავებულ პირთა შეწყალებაზე.
შარმანაშვილის განცხადებით, მოვლენების მსვლელობა ასე თუ გაგრძელდება, ნელ-ნელა სიძულვილს ოპონირება ჩაანაცვლებს.
„ეს არის ძალიან მისასალმებელი. ვინც სახელმწიფო ინსტიტუტებს ცნობს, სახელმწიფოც გადადგამს მისკენ ნაბიჯს. თუ ასე ვიმოძრავებთ, სიძულვილს ოპონირება ჩაანაცვლებს. ვინც სიძულვილს ვერ გასცდება, იქ სახელმწიფოც თავისას იტყვის“, – წერს შარმანაშვილი.
საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის მიერ მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით შეწყალებულ პატიმრებს შორის სხვადასხვა დროს საპროტესტო აქციებზე დაკავებული პირებიც მოხვდნენ.
ცნობისთვის, მიხეილ ყაველაშვილმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით 226 პირი შეიწყალა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, შეწყალება შეეხო 217 საპატიმრო და ექვს არასაპატიმრო სასჯელის მქონე პირს, ხოლო სამ პირს ნასამართლობა მოეხსნა.