თენგიზ შარმანაშვილი – რადიკალურ ოპოზიციას პატრონებმა დანაშაულებრივი შეცდომები დააშვებინეს, ყველაფერს ჩამოაშორეს და ახლა ცხარე ცრემლით ტირიან, რეიტინგი რატომ არ აქვთო
კაია კალასის განცხადება იცით, რას ნიშნავს? მათ ენაზე ნიშნავს, საქართველოში რევოლუციის მოწყობის ახალ გზებს ვეძებთ, ჯერ ვერ მოვიქრეთ, მაგრამ ვცდილობთ, ეს შორეულ პერსპექტივაში არ გადავდოთო, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, კაია კალასის განცხადება არ ნიშნავს პატივისცემას ქართველი ხალხის მიმართ.
„როგორ შეიძლება, სერიოზულად ამტკიცო, რომ ოპოზიციამ იმდენი ხმა მიიღო, რომ მათ საქართველოს ხელისუფლების ფორმირება შეუძლიათ? ამდენი ხმა არც ახლა და არც აქამდე მიუღიათ. პატრონებმა რადიკალურ ოპოზიციას უზარმაზარი შეცდომა დააშვებინეს. მათ ნაწილს თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაც არ მიაღებინეს და პოლიტიკას მოწყვიტეს როგორც საკრებულოების დონეზე, ასევე, მანამდე, საპარლამენტო დონეზე. რა ავტორიტეტი უნდა შეინარჩუნონ? ეს ხალხი ამ ყველაფერს ჩამოაშორეს და ახლა ცხარე ცრემლით ტირიან, რეიტინგი რატომ არ აქვთ. ვერც ექნებათ. დასავლეთში მყოფმა პატრონებმა რადიკალურ ოპოზიციას დანაშაულებრივი შეცდომები დააშვებინეს“, – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა ბრიუსელში, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრების დაწყებამდე განაცხადა: „საქართველოსთან დაკავშირებით გარკვეული სირთულეები გვაქვს, რეალურად არ გვაქვს კავშირი მთავრობასთან, ჩვენ არ გვსურს მთავრობის მხარდაჭერა, ჩვენ გვინდა, მხარი დავუჭიროთ ქართველ ხალხს“.