თენგიზ შარმანაშვილი – გიორგი ბარამიძის განცხადება საქართველოს იმიჯისთვის კატასტროფული იყო, რა რეპრესიაზეა საუბარი, ვინ ექაჩებოდა ენაზე, რომ ეს ეთქვა? სახელმწიფომ „ჩაუდო“ ეს ნათქვამი?
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის თენგიზ შარმანაშვილის თქმით, საქართველოს იმიჯისთვის გიორგი ბარამიძის განცხადება კატასტროფული იყო.
შარმანაშვილის თქმით, ბარამიძემ საკუთარი განცხადება დააზუსტა, თუმცა იმაზე უარესი განცხადება გააკეთა, ვიდრე მანამდე ჰქონდა ნათქვამი.
„გიორგი ბარამიძე პატრიოტია თუ არაპატრიოტი, ამისთვის არავინ ასამართლებს. მას ბრალი წარუდგინეს კონკრეტულ სისხლის სამართლის დანაშაულთან დაკავშირებით, ეს არის საბოტაჟი. საქართველოს იმიჯისთვის მისი განცხადება აბსოლუტურად კატასტროფული იყო. ჩვენ რომ დავიწყოთ მტკიცება, ოკუპირებულ ტერიტორიებზე გენოციდს ვეწეოდით ან დახვრეტებს ვაწარმოებდით, სამხედრო დანაშაულს ჩავდიოდით, ძნელი მისახვედრი არ არის, სადამდე შეიძლება, ამ მტკიცებამ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის საკითხი მიიყვანოს. მან თავისი განცხადება დააზუსტა და იმაზე უარესი თქვა, ვიდრე თავიდან. ჯერ თქვა, რომ ამას არმია აკეთებდა, შემდეგ თქვა, ამას გაბრაზებული ხალხი აკეთებდა, რომელსაც სახელმწიფო ვერ აკონტროლებდა და ეს ხალხი სამხედრო დანაშაულს ჩადიოდაო. ამიტომ ამ თემაზე ლაპარაკი ცოტა უხერხულია. რა რეპრესიაზეა საუბარი? ვინ ექაჩებოდა ენაზე, რომ ეს ეთქვა? სახელმწიფომ „ჩაუდო“ ეს ნათქვამი? მივიდა და ყურში უჩურჩულა, რაღაც შენი ნამოქმედარი არ მოგვწონს, გვინდა, რეპრესია განვახორციელოთ და იქნებ ეს თქვა და ხელ-ფეხი გაგვეხსნასო? ასე წარმოუდგენია ამ ხალხს? რაც გააკეთა, თვითონ გააკეთა“, – აღნიშნა შარმანაშვილმა.
საქართველოს პროკურატურამ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, შინაგან საქმეთა და თავდაცვის ყოფილი მინისტრი (2003-2004 წწ) გიორგი ბარამიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ, საბოტაჟის ბრალდებით, სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავა. ბრალდება 4-წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. როგორც პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნული, მიმდინარე წლის ივლისში იაგო ხვიჩიას საავტორო გადაცემაში – „საქართველოს დაბადება“ – ბარამიძემ განაცხადა, რომ 1992-1993 წლების აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის საწყის ეტაპზე ქართული შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებს ტყვეები არ აჰყავდათ და მათ ადგილზე ხვრეტდნენ, რითაც საქართველოს შეიარაღებულ ძალებს ბრალი დასდო საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმების დარღვევასა და ომის მძიმე დანაშაულების ჩადენაში.
სასამართლომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, გიორგი ბარამიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.