სასამართლომ გიორგი ბარამიძეს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა
სასამართლომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, გიორგი ბარამიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესს თავად ბრალდებულიც ესწრებოდა.
დაცვის მხარე აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდებას უკანონოდ და პოლიტიკურად შეკვეთილ გადაწყვეტილებად აფასებს.
„ეს არის უკანონო და პოლიტიკურად შეკვეთილი გადაწყვეტილება. ჩვენ სასამართლოს დასაწყისშივე ვუთხარით, რომ ის პოლიტიკური დავალების შესასრულებლადაა მოვლენილი დარბაზში და პროცესის ბოლოს იგივე როცა გავუმეორეთ, უსიტყვოდ დაგვეთანხმა. არავითარი საფუძველი გია ბარამიძის ბრალდებისა არ არსებობს. საბოტაჟის შემადგენლობას არ იძლევა პროკურატურის მიერ ინტერპრეტირებული განცხადებაც კი. პროკურატურა როგორც საუბრობს, ესეც კი ჭეშმარიტებად რომ მიიღოს ადამიანმა, ეს სისხლის სამართლის დანაშაულის შემადგენლობას არ იძლევა, შესაბამისად, არც აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საფუძველი არსებობდა“, – განაცხადა ადვოკატმა, ბექა ბასილიამ.
როგორც საქმის პროკურორმა, თამარ იაკობიძემ განაცხადა, პატიმრობის შეფარდებით სასამართლომ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. მისი თქმით, სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიცია, რომ არსებობდა ბრალდებულის მხრიდან ახალი დანაშაულების ჩადენის საფრთხე.
„სასამართლომ შეაფასა როგორც ფაქტობრივი, ისე ფორმალური საფუძვლები და მიიჩნია, რომ არსებობდა ყველა მკაცრი ზომის აღკვეთის ღონისძიების – პატიმრობის გამოყენების საფუძვლები, შესაბამისად, დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა.
აღკვეთის ღონისძიების გამოყენებას გააჩნია თავისი მტკიცებულებათა სტანდარტი. დასაბუთებული ვარაუდი როდესაც არსებობს, რომ ბრალდებული, შესაძლოა, მიემალოს გამოძიებას, ჩაიდინოს ახალი დანაშაული, ასევე, მოწმეებზე განახორციელოს ზემოქმედება, სასამართლო ისმენს მხარეთა პოზიციებს და იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას. დღევანდელ სასამართლო პროცესზე სასამართლომ განაცხადა, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ შუამდგომლობაში იზიარებდა ორ საფრთხეს, რომელიც მიემართებოდა ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეს და ასევე მოწმეებზე ზემოქმედების და მტკიცებულებების განადგურების საფრთხეს. რომელიმე საფრთხეს თუ არ ეთანხმება დაცვის მხარე, რა თქმა უნდა, აღნიშნული გადაწყვეტილება საჩივრდება ზემდგომ ინსტანციაში“, – განაცხადა პროკურორმა, თამარ იაკობიძემ.
საქართველოს პროკურატურამ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, შინაგან საქმეთა და თავდაცვის ყოფილი მინისტრი (2003-2004 წწ) გიორგი ბარამიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ, საბოტაჟის ბრალდებით, სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავა. ბრალდება 4-წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. როგორც პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნული, მიმდინარე წლის ივლისში იაგო ხვიჩიას საავტორო გადაცემაში – „საქართველოს დაბადება“ – ბარამიძემ განაცხადა, რომ 1992-1993 წლების აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის საწყის ეტაპზე ქართული შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებს ტყვეები არ აჰყავდათ და მათ ადგილზე ხვრეტდნენ, რითაც საქართველოს შეიარაღებულ ძალებს ბრალი დასდო საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმების დარღვევასა და ომის მძიმე დანაშაულების ჩადენაში.