თენგიზ შარმანაშვილი – ევროსაბჭოს რეზოლუცია გაჯერებულია არასწორი ინფორმაციით, მათი მიზანია, ქვეყანაში ვითარება დაძაბონ და საქართველო თავის მართლების რეჟიმში ჩააყენონ
საინფორმაციო წნეხის გამო ასეთი სახის რეზოლუციებს მუდმივად იმეორებენ, წნეხი რომ ვერ მუშაობს, ხედავთ. ჩვენ ეროვნული ინტერესებით ვმოქმედებთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
მისივე თქმით, ევროსაბჭოს რეზოლუცია გაჯერებულია არასწორი ინფორმაციით.
„ევროსაბჭოს მიერ მომზადებული რეზოლუცია გადამღერებაა ცოტა ხნის წინ ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუციის. როგორც წესი, ეს ასე ხდება, რადგან პროცესი ერთი ცენტრის მხრიდან იმართება. რეზოლუცია გაჯერებულია არასწორი ინფორმაციით და დასკვნებს ცრუ ინფორმაციაზე დაყრდნობით აკეთებენ. ამაში სიახლე არაფერია, ისინი ასეთ რეზოლუციებს პერიოდულად იღებენ ხოლმე. მათი მიზანია, ქვეყანაში ვითარება დაძაბონ და საქართველო თავის მართლების რეჟიმში ჩააყენონ. ეს ყველაფერი ხელისუფლებაზე ზემოქმედებას ვერ მოახდენს, რომ კურსი შევცვალოთ. საინფორმაციო წნეხის გამო ასეთი სახის რეზოლუციებს მუდმივად იმეორებენ. წნეხი რომ ვერ მუშაობს, ხედავთ. ჩვენ ეროვნული ინტერესებით ვმოქმედებთ“, – განაცხადა შარმანაშვილმა.
ცნობისთვის, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა 24 ივნისს საქართველოს შესახებ მომზადებულ ანგარიშს განიხილავს. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა 24 ივნისს დებატებს გამართავს და აღნიშნულ ანგარიშს კენჭს უყრის. თანამომხსენებლები ედიტე ესტრელა და საბინა ჩუდიჩი არიან.