ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა 24 ივნისს საქართველოს შესახებ მომზადებულ ანგარიშს განიხილავს

15:00, 23.06.2026

ევროსაბჭოს წევრი სახელმწიფოების მიერ ნაკისრი ვალდებულებებისა და მათი შესრულების მონიტორინგის კომიტეტმა „საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირების შესახებ“ ანგარიში მოამზადა.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ხვალ, 24 ივნისს დებატებს გამართავს და აღნიშნულ ანგარიშს კენჭს უყრის.

თანამომხსენებლები ედიტე ესტრელა და საბინა ჩუდიჩი არიან.

ასამბლეა აღნიშნავს, რომ „წინა რეზოლუციების მიღების შემდეგ საქართველოში დემოკრატიის გაუარესება გაგრძელდა და ხელისუფლებამ არცერთი რეკომენდაცია არ შეასრულა“.

დოკუმენტის თანახმად, ასამბლეა ითხოვს ოპოზიციური პარტიების აკრძალვის ინიციატივის და მათი ლიდერების, მათ შორის ნიკა მელიას და ელენე ხოშტარიას „პოლიტიკურად მოტივირებული დევნის დაუყოვნებლივ შეწყვეტას, რეპრესიული კანონების გაუქმებას, როგორებიცაა სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებები, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობისა“ და „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“  კანონები და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“.

ანგარიშის მიხედვით, ასამბლეა ასევე ითხოვს „სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წინააღმდეგ რეპრესიების დასრულებას, საგანმანათლებლო რეფორმის გამჭვირვალე მართვას, დემონსტრაციების დროს პოლიციის ძალადობისა და წამების, მათ შორის ქიმიური ნივთიერებების გამოყენების სანდო გამოძიებას, ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილებების შესრულებას და ღია პოლიტიკური დიალოგის დაწყებას ჭეშმარიტად დემოკრატიული გარემოს აღსადგენად“.

ასამბლეა ასევე მოუწოდებს წევრ სახელმწიფოებს, „განიხილონ სახელმწიფოთაშორისი სარჩელების შეტანა საქართველოს წინააღმდეგ“.

„საპარლამენტო ასამბლეა სრულად ადასტურებს თავის რეზოლუციებს: 2585 (2025) – „საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ჯერ კიდევ დაუმტკიცებელი მანდატების არსებითი საფუძვლებით გასაჩივრება“, 2600 (2025) – „საქართველოში არსებული ვითარება და რეზოლუცია 2585 (2025)-ის შესრულების მონიტორინგი“, 2624 (2025) „დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის დაცვა საქართველოში“, რომლებშიც მან გამოხატა სერიოზული შეშფოთება საქართველოში დემოკრატიის რღვევის, ღრმა პოლიტიკური და სოციალური კრიზისის გამო.

სამწუხაროდ, რეზოლუცია 2624 (2025)-ის მიღების შემდეგ დემოკრატიული უკუსვლა შეუჩერებლად გაგრძელდა, ისევე როგორც სამოქალაქო საზოგადოების, პოლიტიკური ოპოზიციისა და განსხვავებული აზრის მქონე პირების წინააღმდეგ ზეწოლა. ასამბლეის არცერთი გადაუდებელი რეკომენდაცია არ შესრულებულა. საქართველოში დემოკრატიის განგრძობადი რღვევა და ასამბლეის რეკომენდაციებზე ხელისუფლების მხრიდან რეაგირების არარსებობა სერიოზულ ეჭვს აჩენს, რამდენად არის მზად ხელისუფლება, შეასრულოს ევროპის საბჭოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები და გაწევრიანების დროს აღებული ვალდებულებები“, – ნათქვამია ანგარიშში.

ანგარიშის თანახმად, „ასამბლეა კვლავ ერთგულია ღია და შედეგზე ორიენტირებული დიალოგის, როგორც საქართველოს ხელისუფლებასთან, ასევე ქვეყნის ყველა სხვა პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ძალასთან.

„ასამბლე ხაზს უსვამს, რომ ასეთი დიალოგი უნდა ეფუძნებოდეს საერთო გაგებას, რომ ევროპის საბჭოს წევრობა პრივილეგიაა, რომელსაც თან ახლავს როგორც უფლებები, ისე ვალდებულებები. ორგანიზაციის პრინციპები და სტანდარტები, ისევე როგორც წევრობიდან გამომდინარე ვალდებულებები და მათი სრულად შესრულების აუცილებლობა, არც ეჭვქვეშ შეიძლება დადგეს და არც მოლაპარაკების საგანი გახდეს.

საქართველოში პრაქტიკულად ყველა დემოკრატიული ოპოზიციური პარტიის აკრძალვის ინიციატივა და მათი ლიდერების წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებული, გამოგონილი ბრალდებებით სისხლისსამართლებრივი დევნა მიუღებელია. ასამბლეა კვლავ აცხადებს, რომ ეს კურსი თუ გაგრძელდება, საქართველოში, ფაქტობრივად, ერთპარტიული დიქტატურა დამყარდება, რაც არღვევს დემოკრატიის ფუნდამენტურ პრინციპებს და შეუთავსებელია ევროპის საბჭოს წევრობასთან. ასამბლეა მოითხოვს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ გაიწვიოს საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი მოთხოვნა დემოკრატიული ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ და შეწყვიტოს მათი ლიდერების დაუსაბუთებელი და პოლიტიკურად მოტივირებული დევნა.

დემოკრატიულ ოპოზიციაზე, სამოქალაქო საზოგადოებასა და დამოუკიდებელ მედიაზე განუწყვეტელი ზეწოლის, ასევე, ქვეყანაში არსებული უკიდურესი სოციალური და პოლიტიკური პოლარიზაციის შედეგად საქართველოში ამჟამად არ არსებობს პირობები რეალურად დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებლად. ამიტომ ასამბლეა კვლავ მოუწოდებს ხელისუფლებას, პრიორიტეტულად დაიწყოს ღია და ინკლუზიური პოლიტიკური პროცესი ყველა პოლიტიკური ძალისა და სამოქალაქო აქტორის მონაწილეობით, რათა ქვეყანაში აღდგეს ნამდვილად თავისუფალი და დემოკრატიული პოლიტიკური გარემო, ქართველი საზოგადოების მკაფიო მოლოდინებისა და მისწრაფებების შესაბამისად.

დაუყოვნებლივ უნდა დასრულდეს გამოხატვის თავისუფლებისა და შეკრების თავისუფლების წინააღმდეგ მიმდინარე შეუჩერებელი ზეწოლა, მათ შორის რეპრესიული კანონმდებლობის გამოყენებითა და პოლიტიკურად მოტივირებული სამართლებრივი დევნის ბოროტად გამოყენებით სამოქალაქო საზოგადოების, დამოუკიდებელი მედიის, ოპოზიციური ძალებისა და ცალკეული დემონსტრანტების წინააღმდეგ. პოლიტიკური ნიშნით წარმოებული საქმეები, რომელთა ერთადერთი მიზანია განსხვავებული აზრის ჩახშობა, ქმნის პოლიტიკური პატიმრების არსებობის საფრთხეს და შეუთავსებელია დემოკრატიულ საზოგადოებასა და ევროპის საბჭოს წინაშე საქართველოს ვალდებულებებთან. ამასთან დაკავშირებით ასამბლეა მიუთითებს საკუთარ რეზოლუციაზე 1900 (2012) – „პოლიტიკური პატიმრის განმარტება“. ამ კონტექსტში იგი ღრმა შეშფოთებას გამოხატავს ოპოზიციის ლიდერების და სხვა პირების, მათ შორის ნიკა მელიასა და ელენე ხოშტარიას მიმართ გამოტანილი პოლიტიკურად მოტივირებული და არაპროპორციული განაჩენების გამო, რომლებიც, ასამბლეის შეფასებით, აშკარად გამოგონილ ბრალდებებს ეფუძნება.

ასამბლეა მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, სრულად გააუქმოს ახლახან მიღებული რეპრესიული კანონმდებლობა, განსაკუთრებით სადავო ცვლილებები სისხლის სამართლის კოდექსში, „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში. იგი კვლავ იმეორებს რეკომენდაციას, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი მთლიანად ახალი კანონით შეიცვალოს, რომელიც ევროპის საბჭოსთან მჭიდრო კონსულტაციით შემუშავდება, რათა შეესაბამებოდეს ევროპულ ნორმებსა და სტანდარტებს, მათ შორის ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას.

ასამბლეა კვლავ აღნიშნავს, რომ ძლიერი და მრავალფეროვანი სამოქალაქო საზოგადოება ფუნქციური დემოკრატიის აუცილებელი ელემენტია. სამოქალაქო საზოგადოება გადამწყვეტ როლს ასრულებს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაში და წარმოადგენს დემოკრატიული ექსპერტიზის მნიშვნელოვან წყაროს. ასამბლეა გმობს იმ გარემოს მზარდ შევიწროებას, რომელშიც სამოქალაქო საზოგადოებას უწევს საქმიანობა, რაც მის არსებობასაც კი უქმნის საფრთხეს. ეს ტენდენცია უნდა შეიცვალოს. ასამბლეა ასევე გმობს სამოქალაქო ორგანიზაციებისა და მათი ხელმძღვანელების, აგრეთვე, დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ მიმდინარე ზეწოლას, მათ შორის სადავო კანონმდებლობის გამოყენებით. პირველ ნაბიჯად, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად, უნდა გაუქმდეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი, „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონი (GEOFARA) და გრანტების შესახებ კანონში ახლახან შეტანილი ცვლილებები.

ასამბლეა შეშფოთებულია განათლების სფეროში ბოლოდროინდელი რეფორმების გავლენით საქართველოში აკადემიურ თავისუფლებაზე. აკადემიური სფეროს დამოუკიდებლობა უზრუნველყოფილი უნდა იყოს. გარდა ამისა, კორუფციასთან დაკავშირებით, საფუძვლიანი ეჭვების გასაქარწყლებლად, ასამბლეა მოუწოდებს ხელისუფლებას, შექმნას გამჭვირვალე და დამოუკიდებელი მექანიზმი იმ საუნივერსიტეტო ქონების პრივატიზაციის სამართავად, რომელიც შესაძლოა, ზედმეტი გახდა ახალი რეფორმის – „ერთი ქალაქი – ერთი ფაკულტეტი“ – შედეგად.

ასამბლეა სინანულს გამოთქვამს, რომ მისი მრავალრიცხოვანი მოწოდებების მიუხედავად, არ ჩატარებულა სანდო გამოძიება არც საპოლიციო ძალადობისა და სხვა უფლებადარღვევების შესახებ, რომლებიც დემონსტრაციების დროს მოხდა, და არც დემონსტრანტების წამებისა და არასათანადო მოპყრობის მრავალრიცხოვანი შემთხვევების შესახებ, დაკავებისა და პატიმრობის პერიოდში. იგი ყურადღებას ამახვილებს წამებისა და არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის პრევენციის ევროპული კომიტეტის (CPT) ანგარიშზე, რომელიც ეფუძნება 2024 წლის 18-29 ნოემბერს და 2025 წლის 21-22 იანვარს საქართველოში განხორციელებულ ვიზიტებს. ასამბლეა იზიარებს ამ ანგარიშში გამოთქმულ სერიოზულ შეშფოთებებს. განსაკუთრებით შემაშფოთებელია ცნობები, რომ თბილისში საპროტესტო აქციების დასაშლელად გამოყენებული იყო აკრძალული ქიმიური საშუალებები. ამ ბრალდებებთან დაკავშირებით, სასწრაფოდ უნდა ჩატარდეს სანდო, დამოუკიდებელი და ეფექტიანი გამოძიება“, – ნათქვამია ანგარიშში.

ამავდროულად, ანგარიშის მიხედვით, ასამბლეა მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, „სრულად შეასრულოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მის გადაწყვეტილებებში მოთხოვნილი ზოგადი ზომები საქმეებში „ცაავა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“, „მექვაბიშვილი საქართველოს წინააღმდეგ“, „მახარაშვილი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“, აგრეთვე, სასამართლოს სხვა 77 გადაწყვეტილებაში, რომელთა შესრულებაც ჯერ კიდევ არ არის სრულად უზრუნველყოფილი“.

„ასამბლეა ყურადღებას ამახვილებს ეუთო-ს (OSCE) მოსკოვის მექანიზმის ფარგლებში დანიშნული ექსპერტის ანგარიშზე, რომლის ინიცირებაც ეუთო-ს 24 მონაწილე სახელმწიფოს მიერ მოხდა. იგი სრულად იზიარებს ანგარიშის დასკვნებსა და მიგნებებს, რომლებიც ემთხვევა ამ და წინა რეზოლუციებში გამოთქმულ შეფასებებს საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის შესახებ. ასამბლეა მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, სრულად შეასრულოს ამ ანგარიშში მოცემული რეკომენდაციები.

ამ კონტექსტში ასამბლეა კვლავ მოუწოდებს ევროპის საბჭოს შესაბამის ორგანოებს, გამოიყენონ ყველა ხელმისაწვდომი მექანიზმი, მათ შორის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 52-ე მუხლით გათვალისწინებული საშუალებები და წევრ სახელმწიფოებს სთავაზობს, განიხილონ სახელმწიფოთაშორისი სარჩელების შეტანა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში კონვენციის 33-ე მუხლის საფუძველზე, რათა უზრუნველყოფილი იყოს საქართველოს მიერ ევროპის საბჭოს წევრობიდან გამომდინარე ყველა სტანდარტისა და ვალდებულების სრულად შესრულება. ასამბლეა სინანულს გამოთქვამს, რომ დღემდე არ არის გამოყენებული ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გათვალისწინებული ეს მექანიზმები“, – ნათქვამია საქართველოს შესახებ მომზადებულ ანგარიშში.

მსგავსი