თენგიზ შარმანაშვილი – ევროპარლამენტში თავადვე აქვეყნებენ რეიტინგებს, რომ ყველა მიმართულებით საქართველო მოწინავე პოზიციებზეა და კიდევ ჩვენ გვეუბნებიან, რომ ჩამორჩენილი ვართ?
ევროპარლამენტში თავადვე აქვეყნებენ რეიტინგებს, რომ ყველა მიმართულებით საქართველო მოწინავე პოზიციებზეა, მმართველობის გამჭვირვალობა იქნება თუ ეკონომიკური პარამეტრები და კიდევ ჩვენ გვეუბნებიან, რომ უკუსვლა გვაქვს და ჩამორჩენილი ვართ? – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.
თენგიზ შარმანაშვილმა კომენტარი გააკეთა ევროპარლამენტის მიერ საქართველოსა და თურქეთის შესახებ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტზე, სადაც წერია: „ევროპარლამენტს საქართველოსა და თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების პროგრესთან დაკავშირებით მკაფიო გზავნილი ჰქონდა და ევროკავშირში გაწევრიანების კუთხით წინსვლა ვერ მოხდება დემოკრატიული რეფორმების გარეშე“.
„ქართული სახელმწიფო ასეთ დამოკიდებულებას ვერ აიტანს, როცა ყოველგვარი დასაბუთების გარეშე ყალბ ნარატივს ატარებენ, შემდეგ კი ისეთ მონაცემებს აქვეყნებენ, რომლითაც ლიდერები ვართ. მზად ვართ, ნებისმიერი საკითხი ნებისმიერ ოპონენტთან გავიაროთ, მათ შორის ევროკავშირშში ოპონენტებთან, თუ საგნობრივი დისკუსია იქნება. შეგვიძლია, ჩვენს არგუნენტებზე ვისაუბროთ და მათი არგუმენტებიც მოვისმინოთ. უნდა ვინსჯელოთ არა გამოგონებულ თემებზე, არამედ რეალობაზე“, – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.