ევროპარლამენტი – საქართველოსა და თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანებაზე წინსვლა ვერ მოხდება დემოკრატიული რეფორმების გარეშე
ევროპარლამენტის მკაფიო გზავნილია: არ არის რეფორმები, არ არის ევროკავშირში გაწევრიანებაზე პროგრესი, – ასეთი წარწერით აქვეყნებს სოციალურ ქსელში პოსტს ევროპარლამენტი საქართველოსა და თურქეთის შესახებ.
პოსტში, ასევე, აღნიშნულია, რომ „ევროპარლამენტს საქართველოსა და თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების პროგრესთან დაკავშირებით მკაფიო გზავნილი ჰქონდა და ევროკავშირში გაწევრიანებაზე წინსვლა ვერ მოხდება დემოკრატიული რეფორმების გარეშე“.
„საქართველოს შესახებ: პარლამენტი აფრთხილებს, რომ ბოლოდროინდელმა მოვლენებმა, როგორიცაა კანონის უზენაესობის გაუარესება, პოლიტიკური რეპრესიები და სასტიკი, რუსული სტილის დეზინფორმაცია ევროკავშირის შესახებ, ქვეყანა კიდევ უფრო დააშორა ევროკავშირში გაწევრიანების გზას. ევროპარლამენტარებმა მოითხოვეს კონკრეტული ზომების მიღება არსებული კურსის შესაცვლელად და მოუწოდეს მიზანმიმართული სანქციების დაწესებისკენ მათ წინააღმდეგ, ვინც პასუხისმგებელია პოლიტიკური ოპონენტების რეპრესიებზე. თურქეთთან დაკავშირებით კი, პარლამენტი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ქვეყანა ნატო-ს მნიშვნელოვან მოკავშირედ რჩება, თუმცა მოუწოდებს მას, მოაგვაროს კანონის უზენაესობასა და ფუნდამენტურ უფლებებთან დაკავშირებული პრობლემები, თუ სურს ევროკავშირის გზაზე წინსვლა“, – აცხადებენ ევროპარლამენტში.
შეგახსენებთ, ევროპარლამენტმა რასა იუკნევიჩიენეს მიერ მომზადებული რეზოლუცია 17 ივნისს მიიღო.