თენგიზ შარმანაშვილი - ევროკავშირში ინტეგრაციის ფანჯარა საომარი ვითარების დროს იხსნებაო, ომი თუ ფანჯრებს ხსნის, კარგად ყოფილა იმ გაერთიანების საქმე
ევროკავშირში ინტეგრაციის მთავარი ფანჯარა საომარი ვითარების დროს იხსნებაო. ანუ, ჩვენ უნდა ვინატროთ და თუ არ გამოდის, ძალით წამოვიწყოთ საომარი მოქმედებები, რომ ეს ფანჯარა მუდმივად ღია იყოს. წარმოგიდგენიათ, რა ლოგიკამდე მივიდნენ? – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.
შარმანაშვილმა კომენტარი გააკეთა ევროპარლამენტარ რასა იუკნევიჩიენეს განცხადებაზე, რომლის თანახმადაც: „საქართველო ვერ ახერხებს, გამოიყენოს მომენტუმი, როდესაც შესაძლებლობის ფანჯარა უკრაინელების გამო გაიხსნა, 2022 წლის ომამდე არავინ საუბრობდა გაფართოებაზე“.
თენგიზ შარმანაშვილის თქმით, აღნიშნული განცხადება რასა იუკნევიჩიენეს მხრიდან წამოცდენაა.
„რა თქმა უნდა, ამის ხმამაღლა თქმა არ უნდოდათ, მაგრამ ნუ წარმოვიდგენთ, რომ იუკნევიჩიენე დიდი გენიოსია, იმ თემებზე საუბრობს ხმამაღლა, რაზეც არ უნდა ისაუბროს. ალბათ ამაზე პატრონები თითს დაუქნევენ, მაგრამ ფაქტია, რომ წამოსცდა და თან სიმართლე. ნატო-სი არ იყოს, რამდენი წელია, ამბობენ, რომ მზად არიან, ჩვენს სტანდარტებზე არიან. ნატო-ს წევრ ზოგიერთ ქვეყანაზე მეტი სისხლი გვაქვს დაღვრილი მათ ოპერაციებში, დიდი შეფასებები გვაქვს და მაპ-იც კი არ გვაღირსეს. ევროკავშირშიც იგივე ხდება – მართალია, რეიტინგებში ლიდერები ვართ, დიალოგის დაწყება არ გვაღირსეს. რატომ? იმიტომ, რომ მათ ხელი არ შევუწყვეთ საომარი ვითარების აგორებაში, რომელიც თურმე ფანჯრებს და კარებს ხსნის. ომი თუ ფანჯრებს ხსნის, კარგად ყოფილა იმ გაერთიანების საქმე“, – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.