თენგიზ შარმანაშვილი – ეროვნული სიწმინდეების დაცვაში არაკონსტიტუციური არაფერია, სრული უფლება აქვთ, მაგრამ ამას უკანონო გზებით თუ დააპირებენ, სახელმწიფოს უკიდურესად მძიმე რეაგირება ექნება

11:43, 28.07.2026

არაკონსტიტუციური არაფერია იმაში, რომ ეროვნული სიწმინდეები დავიცვა. მათ სრული უფლება აქვთ, მაგრამ უკანონო, არაკონსტიტუციური გზებით თუ დააპირებენ, სახელმწიფოს უკიდურესად მძიმე რეაგირება ექნება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

შარმანაშვილს გიორგი ქართველიშვილის მიერ „სახალხო მოძრაობის“ დაფუძნების შესახებ გაკეთებულ განცხადებაზე დაუსვეს კითხვა.

„პრინციპულ რეაგირებაში თუ კანონის ფარგლებში საპასუხო აზრის გამოთქმას გულისხმობენ, ამის უფლება აქვთ, მაგრამ რომელიმე თუ ფიქრობს, რომ არაკანონიერად მოიქცევა, ამას ძალადობის ფორმით გააკეთებს ან რაღაც ისეთს ჩაიდენს, რაც კანონს ეწინააღმდეგება, სახელმწიფოს რეაგირება ექნება და ნაკლებად დაფიქრდება იმაზე, ჩვენს მხარდამჭერად მოიაზრება თუ არა. ამიტომ ასეთ ახალგაზრდებს ვეტყოდი, რომ კარგად დაფიქრდნენ, როდესაც რეაგირებაზე ისაუბრებენ და რეაგირება კანონის ფარგლებში მოაქციონ. ამას თუ გასცდებიან, დარწმუნებულნი იყვნენ, რომ სახელმწიფოს შესაბამისი კანონიერი რეაგირება ექნება. ყველამ უნდა იცოდეს, რომ სახელმწიფოს მყისიერი რეაქცია ექნება ძალადობაზე და არავინ არავინ დაარწმუნოს, რომ რაღაც დაიფარება. არც ის არის სწორი, ვისაუბროთ, რა ტიპის ორგანიზაციების შექმნა შეიძლება და რისი – არა. ამას კონსტიტუციიდან გამომდინარე ვამბობ. არაკონსტიტუციური არაფერია იმაში, რომ ეროვნული სიწმინდეები დავიცვა. მათ სრული უფლება აქვთ, მაგრამ ამას უკანონო, არაკონსტიტუციური გზებით თუ დააპირებენ, სახელმწიფოს უკიდურესად მძიმე რეაგირება ექნება. ვისაც უნდა ეროვნული სიწმინდეების, ღირებულებების დაცვა, ნერვები უნდა მოთოკოს და ეს კონსტიტუციური მეთოდებით გააკეთოს“, – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.

გიორგი ქართველიშვილმა 27 ივლისს „სახალხო მოძრაობის“ დაფუძნების შესახებ განაცხადა: „ჩვენი საინიციატივო ჯგუფი ქართული ღირებულებების, ფასეულობებისა და ტრადიციების დასაცავად აფუძნებს სახალხო მოძრაობას და უცხოეთიდან დაფინანსებული გარე ინტერესების, მონურ მორჩილებაში მყოფი, გაუკუღმართებული იდეოლოგიის მქონე ადამიანების და მათგან შემდგარი ჯგუფების წინააღმდეგ იწყებს ბრძოლას. ჩვენი მოძრაობა ძალიან აქტიური, სოლიდური, ამავდროულად, მაქსიმალურად კონსტრუქციული იქნება, მაგრამ ჩვენი კულტურის, ეროვნული იდენტობის დაცვისთვის თუ იქნება აუცილებელი, არანაირ საფრთხეს არ მოვერიდებით“.

მსგავსი