თენგიზ ცერცვაძე - სატელეფონო საუბრებში ყოველთვის მაღალ შეფასებებს ვიღებთ, მაგრამ ენტონი ​ფაუჩის წერილი სულ სხვა იყო, რადგან ის მსოფლიოში ნომერ პირველი ფიგურაა
თენგიზ ცერცვაძე - სატელეფონო საუბრებში ყოველთვის მაღალ შეფასებებს ვიღებთ, მაგრამ ენტონი ​ფაუჩის წერილი სულ სხვა იყო, რადგან ის მსოფლიოში ნომერ პირველი ფიგურაა

სატელეფონო საუბრებში ყოველთვის დადებით, მაღალ შეფასებებს ვიღებთ, მაგრამ ფაუჩის წერილი სულ სხვა იყო, რადგან ის მსოფლიოში ნომერ პირველი ფიგურაა, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა, თენგიზ ცერცვაძემ საქართველოს პირველი არხის საინფორმაციო პროგრამა „მოამბეში“ განაცხადა.

„საქართველოს მიმართ შეფასებები ძალიან პოზიტიურია. ამაზე შეხედულება ცალსახაა. მე არ ვგულისხმობ იმ ცალკეულ სკეპტიკოსებს, რომლებსაც თვითონაც არ სჯერათ თავიანთი ნათქვამის, მაგრამ რაღაც მოსაზრებების გამო ვალდებული არიან, რაღაც შენიშვნები გამოთქვან. თუ ამას არ ჩავთვლით და ჩავთვლით უდიდესი უმრავლესობის აზრს, შეფასებები ძალიან პოზიტიურია. რამდენი შეიძლება, ჩამოითვალოს, ამერიკული გამოცემა „ფორინ პოლისიდან“ (Foreign Policy) დაწყებული, ჯანმოს მიერ ჩვენი ხელმძღვანელობისადმი გამოგზავნილი ოფიციალური წერილებით დამთავრებული. რა ვიცი, უამრავი კერძო თუ ოფიციალური შეფასება აქვს საქართველოს მიღებული. პირადად მე ბევრი პარტნიორი მყავს უცხოეთში და სატელეფონო საუბრებში ყოველთვის დადებით, მაღალ შეფასებებს ვიღებთ, მაგრამ ფაუჩის წერილი სულ სხვა იყო“, – განაცხადა ცერცვაძემ.

ამ განცხადებით თენგიზ ცერცვაძემ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, როგორია მისი ამერიკელი კოლეგების შეფასებები პირადი საუბრების დროს და დაავადების მკურნალობის ეფექტურობის კუთხით როგორ პოზიციონირებს საქართველო საერთაშორისო მასშტაბით.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა, თენგიზ ცერცვაძემ პირადად მიიღო წერილი აშშ-ის ალერგიისა და ინფექციურ დაავადებათა ეროვნული ინსტიტუტის ხელმძღვანელისგან, ენტონი ფაუჩისგან, სადაც ის წერს, რომ კორონავირუსის აფეთქებას საქართველო კარგად უმკლავდება და ამ კუთხით ქვეყნის გამოცდილებას მაღალ შეფასებას აძლევს.

როგორც თენგიზ ცერცვაძემ აღნიშნა, ენტონი ფაუჩის წერილი განსაკუთრებული მნიშვნელობის არის, რადგან ის მსოფლიოში ნომერ პირველი ფიგურაა.

„თქვენ იცით, რომ ის თვით ტრამპსაც კი არ უწევს ანგარიშს, რამდენიმეჯერ შეეკამათა და ტრამპი დაემორჩილა. კაცი, რომელიც არავის ემორჩილება. ტრამპი შეიძლება, აფეთქდეს და ვინც არ მოეწონება, საერთოდ მოხსნას სამსახურიდან, მაგრამ ფაუჩის ამას არ ჰკადრებს. ის მას ძალიან დიდ ანგარიშს უწევს და შეკამათების მიუხედავად, ყოველთვის პატივისცემით მოიხსენიებს. რა თქმა უნდა, ასეთი ადამიანისგან არა რამეთი გამოწვეული, არამედ მისი სურვილით გამოგზავნილი წერილი დიდი პატივია. სად სცალია ახლა იმ კაცს?! კისერზე აწევს მთელი ამერიკა, მთელი მსოფლიო და პასუხისმგებლობა, თუ როგორ უმკურნალოს „კოვიდს“, მაგრამ მან საჭიროდ ჩათვალა და დრო მონახა, რომ ასეთი მოკლე, მაგრამ ძალიან სერიოზული წერილი გამოეგზავნა“, – განაცხადა ცერცვაძემ.

მისი თქმით, ენტონი ფაუჩის წერილი მთლად შემთხვევითი არ ყოფილა.

„ნუ, ახლა ეს მთლად შემთხვევითი არ ყოფილა. ჩვენ 22 წლის პარტნიორობა გვაკავშირებს. 2017 წელს მან მე და ჩემი ორი წამყვანი თანამშრომელი, ნიკოლოზ ჩხარტიშვილი და აკაკი აბუთიძე თავის ინსტიტუტში მიგვიწვია, ჩვენ საპატივცემულოდ ნახევარდღიანი სესია გამართა და ბოლოს, მეგობრული სადილი მოაწყო. როგორც გვითხრეს, მას ეს სხვა შემთხვევაში არც ერთხელ არ გაუკეთებია აღმოსავლეთ ქვეყნების მიმართ და ეს იყო პირველი ასეთი შემთხვევა. აი, ასეთი კაცის წერილი ჩვენთვის უნდა იყოს გზამკვლევი და იმის პირობა, რომ მინიმუმ, შევინარჩუნოთ ეს ტემპი და არ დავაგდოთ“, – განაცხადა ცერცვაძემ.

მისივე თქმით, ტემპის შენარჩუნებაში, უპირველეს ყოვლისა, იგულისხმება ვერტიკალის უდიდესი წარმატება, რომელმაც არ დაუშვა შემთხვევების დიდი რიცხვი.

„მთავარი მაინც ეს იყო და მეორე, როგორც ჩანს, სწორი და ინოვაციური მიდგომები. მე იმით გამოვთქვამ კმაყოფილებას, რომ ჩვენ არა მარტო სწორად ვმკურნალობდით. სწორ მკურნალობაში სწორად და დროულად სტანდარტული მკურნალობაც იგულისხმება. ესეც არ აკლდა, მაგრამ საჭირო შემთხვევაში ინოვაციურ მკურნალობას მივმართავდით, როგორიც არის ტოცილიზუმაბი, ან თუნდაც, იგივე რეკოლვალაცენტის პლაზმა და საკმაოდ თამამად ვამბობ, რომ ერთი-ორი ავადმყოფი ამით გადავარჩინეთ. თუ ახლა ერთიც გადარჩა, ეს მესამე იქნება“, – განაცხადა ცერცვაძემ.