პროფესორმა ენტონი ფაუჩიმ თენგიზ ცერცვაძეს წერილი გამოუგზავნა, რომელშიც ​კორონავირუსის წინააღმდეგ საქართველოს გამოცდილებას მაღალი შეფასება მისცა
პროფესორმა ენტონი ფაუჩიმ თენგიზ ცერცვაძეს წერილი გამოუგზავნა, რომელშიც ​კორონავირუსის წინააღმდეგ საქართველოს გამოცდილებას მაღალი შეფასება მისცა

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრმა 14 აპრილს მიიღო წერილი აშშ-ის ჯანმრთელობის ნაციონალური ინსტიტუტების ალერგიისა და ინფექციურ დაავადებათა ინსტიტუტის (NIAID/NIH) დირექტორის, მსოფლიო მედიცინის ერთ-ერთი ლიდერის, პროფესორ ენტონი ფაუჩისგან (Anthony Fauci), სადაც მან საქართველოს „კოვიდ-19“-ის წინააღმდეგ ბრძოლის გამოცდილებას მაღალი შეფასება მისცა, – ინფორმაციას შიდსისა და ინფექციური პათოლოგიის ცენტრის (თბილისის ინფექციური საავადმყოფო) ხელმძღვანელი თენგიზ ცერცვაძე ავრცელებს.

„აღსანიშნავია, რომ ცენტრს მრავალწლიანი ნაყოფიერი თანამშრომლობა აკავშირებს NIAID/NIH-თან. ამ თანამშრომლობამ დიდად შეუწყო ხელი საქართველოში აივ/შიდსის თანამედროვე ტიპის სამსახურის შექმნას და განვითარებას და ზოგადად აშშ–საქართველოს წარმატებულ თანამშრომლობას ბიოსამედიცინო დარგში.

2017 წლის ოქტომბერში პროფესორ ენტონი ფაუჩის ინიციატივით, ქ. ბეთესდაში ცენტრის ხელმძღვანელის თენგიზ ცერცვაძისა და მისი გუნდის წამყვანი წევრებისათვის სპეციალური მიღება და სამეცნიერო სესია გაიმართა. შეხვედრის მიზანი NIAID/NIH-სა და ცენტრს შორის 20-წლიანი წარმატებული სამეცნიერო თანამშრომლობის შედეგების შეჯამება და სამომავლო პერსპექტივების დასახვა იყო. ზემოთ აღნიშნული ღონისძიება უპრეცედენტოა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის და ცენტრის აივ/შიდსისა და ვირუსული ჰეპატიტების დარგში უდიდესი მიღწევებისა და დამსახურებების მკაფიო აღიარებაა.

შეხვედრის დროს, თენგიზ ცერცვაძემ, ნიკოლოზ ჩხარტიშვილმა და აკაკი აბუთიძემ თავიანთ მოხსენებებში ისაუბრეს აშშ-საქართველოს თანამშრომლობის 20-წლიანი გამოცდილების შედეგებზე და NIAID-თან თანამშრომლობით ჩატარებული ერთობლივი კვლევების ძირითად მიღწევებზე. აგრეთვე ამერიკულ მხარეს გააცნეს საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამის ძირითადი შედეგები. პროფესორმა ენტონი ფაუჩიმ ქართველ კოლეგებს გააცნო NIAID/NIH-ის სამეცნიერო და კლინიკური საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და მიღწევები. მან მაღალი შეფასება მისცა ინსტიტუტებს შორის თანამშრომლობის შედეგებს და ცენტრის მიღწევებს აივ/შიდსის და ვირუსული ჰეპატიტების დარგში. მან გამოთქვა რეკომენდაციები მომავალი კვლევების პრიორიტეტების თაობაზე. ამერიკის მხარემ ქართველი კოლეგებისთვის მეგობრული სადილიც გამართა“, – ნათქვამია თენგიზ ცერცვაძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

თენგიზ ცერცვაძე თავად ენტონი ფაუჩის წერილსაც აქვეყნებს, სადაც ფაუჩი კმაყოფილებას გამოთქვამს, რომ საქართველო კორონავირუსის აფეთქებას კარგად უმკლავდება:

Fauci, Anthony (NIH/NIAID) [E] [email protected] To: Tengiz Tsertsvadze [email protected]

Apr 14, 2020

Tengiz:

I am pleased to see that Georgia has controlled the outbreak very well. Stay well.

Best regards,

Tony