თენგიზ ცერცვაძე - საქართველოს პირველმა არხმა იმპულსი შესძინა ინფექციური საავადმყოფოს შენობის საკითხს, რათა პროცესი უფრო მონდომებით წარიმართოს
თენგიზ ცერცვაძე - საქართველოს პირველმა არხმა იმპულსი შესძინა ინფექციური საავადმყოფოს შენობის საკითხს, რათა პროცესი უფრო მონდომებით წარიმართოს

საქართველოს პირველმა არხმა ძალიან კარგი საქმე გააკეთა, როდესაც ინტერვიუ სთხოვა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს, ბატონ წოწკოლაურს, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა, თენგიზ ცერცვაძემ საქართველოს პირველი არხის საინფორმაციო პროგრამა „მოამბეში“ განაცხადა.

„ამით პირველმა არხმა იმპულსი შესძინა იმ საქმეს, რომელიც მართალია, მთავრობასა და სამინისტროს აღრიცხვაზე ჰყავდა, მაგრამ როგორც ჩანს, შეხსენება ყოველთვის საჭიროა. იმიტომ, რომ პროცესი ერთგვარად, შენელებული იყო და ამ ინტერვიუმ იმპულსი მისცა, რომ პროცესი უფრო მონდომებით წარიმართოს. დიახ, თქვენი ამ ინტერვიუს და ჩვენი პოსტის შემდეგ შეხვედრა შედგა სამინისტროს ხელმძღვანელებთან და პირადად მინისტრთან“, – განაცხადა ცერცვაძემ.

ამ განცხადებით თენგიზ ცერცვაძემ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, არის თუ არა გუშინდელი განცხადების შემდეგ რამე სიახლე და იყო თუ არა ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან გამოხმაურება, რადგან თბილისის ინფექციური საავადმყოფო 2009 წლიდან უმძიმეს პირობებში მუშაობს და კლინიკის ხელმძღვანელობას ჯანდაცვის სამინისტროდან დღემდე არ აქვს ინფორმაცია კლინიკის შენობასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებზე, ან იჯარასთან დაკავშირებით.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა ასევე აღნიშნა, რომ მათი თხოვნა, რომელიც პოსტში გამოითქვა, ორი ნაწილისგან შედგებოდა.

„ჩვენი თხოვნა და ასე ვთქვათ, პრეტენზია, რომელიც პოსტში გამოვთქვით, ორი ნაწილისგან შედგებოდა. ჩვენი შეწუხების ერთი მიზეზი ის იყო, რომ ჩვენი უსახლკარობა და სხვის ტერიტორიაზე და შენობა-ნაგებობებში ყოფნა ძალიან გაჭიანურდა, რაც ძალიან დისკომფორტულია. თქვენ იცით, მდგმურად ყოფნა რამდენად ცუდია და მაღალტექნოლოგიური კლინიკისთვის მდგმურად ყოფნა საერთოდ ძალიან ძნელია. მეორე ის იყო, რომ არ ვიყავით ინფორმირებული, თუ რა გზით აპირებენ ამ საკითხის გადაჭრას, ანუ რა ვარიანტები განიხილება. ამაზე ამომწურავი და კარგი ინფორმაცია მივიღეთ. ის, რისიც გვეშინოდა, რომ საკითხი ახალი შენობის ასაშენებლად გადაწყდებოდა, როგორც შეგვპირდნენ, უარყოფილია და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. იმიტომ, რომ ახლა რომ ახალი შენობის მშენებლობა დაიწყონ, თქვენ წარმოიდგინეთ, ამას თუ მეტი არა, სულ ცოტა, სამი წელიწადი მაინც დასჭირდება, მაგრამ როგორც გაირკვა, ეს გაცნობიერებული აქვს სამინისტროს, ქვეყნის ხელმძღვანელობას და მშენებლობა უბრალოდ, სარეზერვო ვარიანტად განიხილება, თორემ ლაპარაკია სახელმწიფოს მიერ უკვე არსებული რომელიმე შენობის შესყიდვაზე და ჩვენთვის გადმოცემაზე. როგორც გვითხრეს, ამჟამად, საკითხი მხოლოდ იმაში მდგომარეობს, თუ რომელი შენობა შეისყიდონ და რომელი გადმოგვცენ“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, გიორგი წოწკოლაურმა საქართველოს პირველ არხს 8 მაისს განუცხადა, რომ თბილისის ინფექციური საავადმყოფოსთვის ახალი შენობის შესარჩევად ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობს, თუმცა ჯერ ისევ არ არის ცნობილი, ახალი აშენდება, თუ უკვე არსებული რომელიმე შენობა შეირჩევა. მისივე თქმით, თბილისის ინფექციური საავადმყოფოს შენობის ბედი თვის ბოლომდე გაირკვევა. ამ საკითხზე  ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრმა 10 მაისს განცხადებაც გაავრცელა.