თემურ ქეცბაია - ვფიქრობ, მსოფლიოს ჩემპიონატის პლეი ოფში მოსახვედრად თურქებთან მოგვიწევს „ჭიდაობა“ #1TVSPORT
თემურ ქეცბაიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთოი ტაიმაუტში“ მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში საქართველოს ნაკრების მეტოქეებსა და „ჯვაროსნების“ პერსპექტივებზე ისაუბრა. მან წამყვანის, გაი თვალაბეიშვილის კითხვაზე, არის თუ არა სომხეთთან დამაჯერებელი გამარჯვება იმის საზომი, რომ საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩვენი გუნდის შანსებზე ვილაპარაკოთ, უპასუხა:
„არ ვეთანხმები იმ აზრს, რომ სომხეთთან მოგება იოლი იყო. ის ცუდი გუნდი ნამდვილად არ არის, საქართველოსთან კი მოსაგებად ორმაგი მოტივაცია ჰქონდა. ჩვენმა ნაკრებმა აჩვენა კარგი ფეხბურთი და ორივე თამაში ისე თავისუფლად მოიგო, თითქოს ბავშვებს ეთამაშებოდა.
რა გუნდიც ვნახე ევროპის ჩემპიონატამდე, ფინალური ეტაპის დროს და შემდეგ, მათ შორის დიდი განსხვავებაა. შემოდგომაზე ერთა ლიგაზე ჩეხებს და ალბანელებს დამაჯერებლად მოვუგეთ, არადა, ევროპის ჩემპიონატზე ჩეხებმა თამაშით გვაჯობეს. სამწუხაროა, რომ შემდეგ ოთხიდან ერთი თამაშიც ვერ მოვიგეთ. გადამწყვეტი უკრაინასთან გასვლითი მატჩი იყო, სადაც მომენტები გვქონდა და მოგება შეგვეძლო. ამან აგვირია ყველაფერი.
რაც შეეხება მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ციკლს – ესპანეთი ძალიან კარგი ნაკრებია და ამაზე ბევრს არ ვილაპარაკებ. თურქეთმა თავისი ძალა ევროპის ჩემპიონატზე აჩვენა, მათაც ბევრი ახალგაზრდა ჰყავთ, რომლებიც ძალიან მაგარ გუნდებში თამაშობენ. ამიტომ ვფიქრობ, პლეი ოფში მოსახვედრად ჩვენ თურქებთან მოგვიწევს „ჭიდაობა““.