თემურ ქეცბაია - უსამართლობა იყო მოგვეგო 10-კაციან „აპოლონთან“, რომელმაც ორჯერ გაგვიტანა
თემურ ქეცბაია - უსამართლობა იყო მოგვეგო 10-კაციან „აპოლონთან“, რომელმაც ორჯერ გაგვიტანა

კვიპროსში საჩემპიონო ექვსეულის პირველი ტურის შეხვედრამ ფამაგუსტას „ანორთოსისსა“ და ჩემპიონატის ერთ-ერთ ფავორიტ ლიმასოლის „აპოლონს“ შორის ძალიან დაძაბული გამოდგა მოედანზეც და მის მიღმაც.

თემურ ქეცბაიას გუნდი მე-60 წუთამდე 0:2-ს აგებდა, მაგრამ თორნიკე ოქრიაშვილისა და გიორგი ქვილითაიას გოლებით გუნდმა ქულა გადაარჩინა. მატჩის შემდეგ „აპოლონის“ წარმომადგენლები უკმაყოფილებას არ მალავდნენ, რადგან შეხვედრის მსვლელობაში ვიდეორეფერი ორჯერ ჩაერია და ორივე შემთხვევაში მთავარმა არბიტრმა მისი საწინააღმდეგო გადაწყვეტილება მიიღო.

23-ე წუთზე ლიმასოლელების ჰაიტელმა მარცხენა მცველმა ვილდ დონალდ ჟერიემ მეორე სართულზე ბრძოლის დროს მეტოქეს სახეში იდაყვი ჩაარტყა. მთავარმა არბიტრმა მას ყვითელი ბარათი აჩვენა, მაგრამ ვიდეორეფერის სისტემა ჩაირთო და მომენტის კარგად ნახვის შემდეგ მსაჯმა ჟერიეს წითელი ბარათი აუფრიალა და მოედნიდან გააძევეს.

ასევე კამათი გამოიწვია მეორე გოლის დროს დანიშნულმა პენალტმა. თორნიკე ოქრიაშვილმა 73-ე წუთზე კარში დაარტყა და მცველს ბურთი ხელზე მოხვდა. მაგრამ ეს მკაფიოდ არ ჩანდა და მსაჯმა გადაწყვეტილება მხოლოდ 6 წუთის შემდეგმიიღო, პენალტი გიორგი ქვილითაიამ გოლად აქცია და „ანორთოსისს“ ქულა შეუნარჩუნა – 2:2.

„აპოლონის“ წარმომადგენლებმა მსაჯის გადაწყვეტილებები უსამართლოდ მიიჩნიეს და განაცხადეს, რომ პრინციპულ შეხვედრებზე უცხოელი მსაჯების მოწვევა აჯობებს.

„ძალიან კარგი მსაჯობა იყო და VAR-იც სამართლიანად გამოიყენეს. ეს არის VAR ლოგიკა, რის გამოც ჩვენ მისი დანერგვა მოვითხოვეთ. თუ მსაჯი კონკრეტულ ეპიზოდს ვერ ხედავს, ის კვლავ უნდა ნახოს. „აპოლონს“ აქვს უფლება, თქვას ის, რაც სურს. ჩვენ მომხდარზე განსხვავებული პოზიცია გვაქვს. უცხოელი მსაჯების თემას რაც შეეხება, ჩვენ კვიპროსელ მსაჯებს მხარს მრავალი მიზეზის გამო ვუჭერთ, ასევე ვუჭერთ მხარს VAR-ს“, – განაცხადა ფამაგუსტელთა პრეს-სამსახურის უფროსმა დიმიტრის ქრისტოფორუმ.

აპოლონთან“ მატჩის შემდეგ მედიასთან კომენტარი „ანორთოსისის“ მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამაც გააკეთა და მეტოქის შესახებ ღირსეულად ილაპარაკა.

„რა თქმა უნდა, თამაში ცუდად დავიწყეთ და მარტივი გოლი გავუშვით. ჩვენი შეცდომებით „აპოლონს“ სუნთქვა გავუხსენით. შემდეგ მეტოქეს მოთამაშე გაუგდეს და 10 კაცით დარჩა. ჩვენ ბევრი ვცადეთ და არაერთი საგოლე მომენტიც შევქმენით და საბოლოოდ ანგარიში გავათანაბრეთ. მაგრამ უსამართლო იქნებოდა მოგვეგო 10 ფეხბურთელით დარჩენილ „აპოლონთან“, რომელმაც ორი გოლი გაგვიტანა. შედეგი არც ჩვენთვისაა მისაღები და არც – „აპოლონისთვის“. ჩვენ ჩემპიონობისთვის ბრძოლას ვაგრძელებთ. კიდევ 9 თამაში გვაქვს, რომელიც არც ჩვენთვის და არც სხვებისთვის ადვილი არ იქნება“, – ამბობს თემურ ქეცბაია.