ქვილითაიასა და ოქრიაშვილის მორიგი გოლები - ქეცბაიას ქულა ქართველებმა შეუნარჩუნეს [ვიდეო]

ფამაგუსტას „ანორთოსისი“ კვიპროსის ჩემპიონატის ლიდერ ლიმასოლის „აპოლონთან“ შეხვედრას ბოლო წამამდე აგებდა, მაგრამ თემურ ქეცბაიას გუნდს ქულა ქართველებმა შეუნარჩუნეს.

ეს იყო საჩემპიონო ექვსეულის პირველი ტურის შეხვედრა, რომელიც რეგულარული სეზონის დასრულების შემდეგ გაიმართა და ჩემპიონის და ევროსაგზურის მფლობელები 10 შეხვედრაში გაირკვევა.

ფამაგუსტელებმა პრინციპულ მეტოქეს საკუთარ სტადიონზე უმასპინძლეს. „ანორთოსისში“ ოთხივე ქართველმა ძირითად შემადგენლობაში ითამაშა – გიორგი ლორიამ, მურთაზ დაუშვილმა, თორნიკე ოქრიაშვილმა და გიორგი ქვილითაიამ. „აპოლონის“ განაცხადში იყო გიორგი პაპუნაშვილი, რომელსაც არ უთამაშია.

ანორთოსისმა“ მატჩი ძალიან ცუდად დაიწყო. მე-10 წუთზე ანგარიში ნიკოლა დიგინიმ გახსნა. მართალია, 23-ე წუთზე ლიმასოლელებს ჰაიტელი მარცხენა მცველი ვილდ დონალდ ჟერიე გაუძევეს. მაგრამ ლიმასოლელებმა სწრაფი კონტრშეტევით მეორეც გაიტანეს. მე-60 წუთზე დიგინი ლორიასთან პირისპირ დარჩა, ქართველმა მეკარემ პირველი დარტყმა მოიგერია, მაგრამ ფრანგმა თავდამსხმელმა დამატებაზე დუბლი შეასრულა და „აპოლონი“ სოლიდური უპირატესობით დააწინაურა – 0:2.

თამაშის შემოტრიალებაში გადამწყვეტი როლი საქართველოს ნაკრების შემტევებმა შეასრულეს. 65-ე წუთზე ფლანგური გადაცემა ძლიერი დარტყმით თორნიკე ოქრიაშვილმა დააგვირგვინა და სხვაობა შეამცირა. ხოლო 79-ე წუთზე მისი ჩაწოდებული ბურთი საჯარიმოში მცველმა ხელით მოიგერია და პენალტი დაინიშნა, რომელიც გიორგი ქვილითაიამ უნაკლოდ შეასრულა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა 2:2.

საჩემპიონო ექვსეულის პირველი ტურის შემდეგ „ანორთოსისმა“ და „აპოლონმა“ 1-1 ქულა დააგროვეს. თემურ ქეცბაიას გუნდი შემდეგ შეხვედრას 6 მარტს გასვლაზე ნიქოზიასომონიასთან“ ჩაატარებს. ბომბარდირებში დიგინი 13 გოლით პირველ ადგილზეა, ხოლო ქვილითაია 12 გოლით მეორეზეა.