თემურ ქეცბაია - ლიეტუვასთან გამარჯვება კვიპროსის ნაკრებს ფსიქოლოგიურად დაეხმარება #1TVSPORT
კვიპროსის ნაკრებმა ამხანაგურ შეხვედრაში ლიეტუვას უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა. გუნდის ქართველი მწვრთნელი თემურ ქეცბაია თვლის, რომ ეს გამარჯვება მარტის პლეი აუტში, გიბრალტართან დაპირისპირებაში გუნდს ფსიქოლოგიურად დაეხმარება.
„ევრო 2024-ის შესარჩევ ჯგუფში ქულა ვერ ავიღეთ, ამიტომ ლიეტუვასთან გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანი იყო. იმედია, ეს წარმატება ფსიქოლოგიურად დაგვეხმარება. შეხვედრამ აჩვენა, რომ თავდაჯერება ჯერ კიდევ არ გვყოფნის. ერთა ლიგაზე კი მნიშვნელოვანი თამაშები გველის. ჩვენ გიბრალტარზე უკეთესი გუნდი ვართ, მაგრამ მეტოქეს პატივს ვცემთ“, – განაცხადა თემურ ქეცბაიამ.
ქეცბაიას მიზანი გუნდის ერთა ლიგის მესამე დივიზიონში დარჩენაა და 2024 წლის მარტში კვიპროსი სწორედ ამისთვის იბრძოლებს გიბრალტართან. გამარჯვებული გუნდი, რომელიც მესამე დივიზიონში დარჩება, ორმაგი პლეი აუტის მატჩებში გამოვლინდება, რომელიც 2024 წლის 21 და 26 მარტს გაიმართება. ერთა ლიგის პლეი აუტის მეორე წყვილში ბელარუსი ლიეტუვას დაუპირისპირდება.
კვიპროსი პირველ თამაშს გასვლაზე გამართავს, ხოლო საპასუხო თამაშს – სახლში. მატჩების ჩატარების ადგილები 2 დეკემბერს, უეფა-ში დაგეგმილ წილისყრაზე გაირკვევა.