თემურ ქეცბაია - კვიპროსმა ერთა ლიგაზე პირველი ადგილისთვის უნდა იბრძოლოს #1TVSPORT
თემურ ქეცბაია - კვიპროსმა ერთა ლიგაზე პირველი ადგილისთვის უნდა იბრძოლოს #1TVSPORT

თემურ ქეცბაია იმედოვნებს, რომ მისი გაწვრთნილი კვიპროსის ნაკრები ერთა ლიგის ახალი გათამაშების C დივიოზიონში პირველი ადგილისთვის იბრძოლებს.

პარიზში გამართულ წილისყრაზე კვიპროსის ნაკრების მეტოქეები ჯგუფში კოსოვოს, რუმინეთის და ლიეტუვა-გიბრალტარის მატჩის გამარჯვებული ეროვნული გუნდები იქნებიან (ლიეტუვა და გიბრალტარი პლეი ოფში გაარკვევენ, ერთა ლიგის მესამე და მეოთხე დივიზიონში რომელი ითამაშებს).

ერთა ლიგაში წილისყრასთან დაკავშირებით კვიპროსის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, თემურ ქეცბაიამ განცხადება გააკეთა და იმედი გამოთქვა, რომ მისი გუნდი პირველობისთვის იბრძოლებს.

„რა თქმა უნდა, თუ შევადარებთ იმ გუნდებს, რომლებსაც წინა შეჯიბრებებში ვეთამაშობდით, ამჟამინდელი მეტოქეების დონის არ არიან. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენთან რომელიმე გუნდს ადვილი თამაშები ელის.

რუმინეთიც და კოსოვოც ძალიან კარგი გუნდებია, წინა ტურნირზეც შევხვდით კოსოვოს, რომელიც მაშინაც ჩვენს ჯგუფში იყო. ლიეტუვა კი, რომელიც, ვფიქრობ, გიბრალტარს დაამარცხებს, ღირსეული გუნდია – ეს ვნახეთ ამხანაგურ მატჩში, რომელიც გასულ ნოემბერში ვითამაშეთ და 1:0 მოვიგეთ.

ყველა მატჩში ვეცდებით, სწორად ვითამაშოთ. ვეცდებით, ჯგუფში ბოლომდე ვიბრძოლოთ – მაგალითად, პირველი ადგილის დასაკავებლად – რატომაც არა“, – ამბობს თემურ ქეცბაია.