თემურ ქეცბაია - ისრაელთან ბულგარეთზე უფრო რთული თამაში გველის #1TVSPORT
კვიპროსის ნაკრების მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაია (რომლის გუნდიც ევრო 2024-ის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს ნაკრების მეტოქეა) ისრაელთან დღეს დაგეგმილ ამხანაგურ მატჩში უკეთეს თამაშს ელის, ვიდრე მისმა გუნდმა 16 ნოემბერს, ბულგარეთთან (0:2) წაგებულ დაპირისპირებაში აჩვენა.
კვიპროსის ნაკრების ქართველმა მწვრთნელმა მოახლოებულ შეხვედრაზე და ნაკრების პრობლემებზე ისაუბრა.
„საინტერესო მატჩს ველოდები. ისრაელს ძალიან კარგი ნაკრები ჰყავს. ვუყურე ისრაელისა და ზამბიის ამხანაგურ მატჩს და ვნახე, რა კარგი გუნდია. ვფიქრობ, ბულგარეთზე ძლიერი ნაკრებია. წინ უნდა წავიდეთ და უკეთესი თამაში ვაჩვენოთ. სხვადასხვა მიზეზის გამო, გარკვეული პრობლემები გვაქვს, მაგრამ ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რომ ჩვენი მოთამაშეები კარგ ფეხბურთს აჩვენებენ.
წინა ამხანაგური მატჩი ბულგარეთთან 0:2 წავაგეთ. პირველ ტაიმში ბევრი შეცდომა დავუშვით, მეტოქეს ბურთის გაკონტროლების შანსი მივეცით, რაც თავად არ გამოგვდიოდა. თუმცა, გოლის გატანის ძალიან კარგი შანსი ჩვენც გვქონდა.
მეორე ტაიმში სათამაშო სქემა გადავაწყვეთ და უკეთესად გამოვიყურებოდით. ზოგადად, მოთამაშეებზე არ დავიჩივლებ. კარგად ვიცი, რომ არ არის იოლი მაღალ დონეზე გამოსვლა მოსთხოვო ფეხბურთელებს, რომლებსაც თავიანთ გუნდებში ნაკლები სათამაშო დრო აქვთ. ასეთ პირობებში სანაკრებო დონის მატჩების ტემპის გაძლება რთულია.
ბულგარეთთან ბევრი საკვანძო მოთამაშეც დაგვაკლდა, კვიპროსის ნაკრებს კი არ აქვს ისეთი ფუფუნება, რომ მათი არყოფნა იოლად გადაიტანოს. იმიტომ წავაგეთ, რომ მეტოქე ჩვენზე უკეთესი იყო. ისრაელთან სტუმრად კიდევ ერთი რთული შეხვედრა გველოდება და უნდა მოვემზადოთ, რომ ღირსეულად ვითამაშოთ“ – განაცხადა თემურ ქეცბაიამ.