თემურ ქეცბაია - გასულ კვირას ყველაზე ცუდ მწვრთნელად გამომაცხადეს, ახლა კი ამბობენ, რომ საუკეთესო ვარ #1TVSPORT
თემურ ქეცბაია - გასულ კვირას ყველაზე ცუდ მწვრთნელად გამომაცხადეს, ახლა კი ამბობენ, რომ საუკეთესო ვარ #1TVSPORT

თემურ ქეცბაიას „ანორთოსისმა“ კვიპროსის ჩემპიონატის მე-7 ტურში მოქმედი ჩემპიონი „ომონია“ დაამარცხა და სატურნირო მდფომარეობა საგრძნობლად გაიუმჯობესა – ქართველი მწვრთნელის გუნდი მე-11-დან მე-6 ადგილზე დაწინაურდა.

თემურ ქეცბაია მოგებამ ძალიან გაახარა, რადგან გუნდში მრავალწლიანი მუშაობის პერიოდში ასეთი ცუდი სტარტი მისი ხელმძღვანელობით ფამაგუსტას გუნდს არასოდეს ჰქონია. ამის ფონზე ჩემპიონთან გამარჯვება მნიშვნელოვანი იყო.

„ადვილი არ იყო თამაში და მოგება, რადგან აქამდე სასურველი შედეგები არ გვქონდა. მოუთმენლად ველი შემდეგ თამაშებს, რადგან ჩემპიონატში წინ ბევრი ტურია. ჩვენ ბევრი შეხვედრა წავაგეთ, მაგრამ ყველა სხვა გუნდებიც დამარცხდნენ. ასეთი მოგება ძალიან მნიშვნელოვანია. ამას მოსდევს კონფერენს ლიგაზე თამაში და ისევ ჩემპიონატის ტური, სადაც გუნდი სხვაგვარი თავდაჯერებით ითამაშებს“, – აცხადებს თემურ ქეცბაია.

ქართველი მწვრთნელი ამბობს, რომ გუნდის სჯერა.

„ვფიქრობთ, რომ საუკეთესო გუნდი გვყავს, კარგი ფეხბურთელებით. შეგვეძლო, რომ ჩემპიონატში მეტი ქულა მოგვეპოვებინა. მაგრამა ასეთია ფეხბურთი. გასულ კვირას თამაშები წავაგეთ და ყველაზე ცუდ მწვრთნელად გამომაცხადეს. ახლა კი ამბობენ, რომ საუკეთესო ვარ. სამწუხაროდ, ეს არის კვიპროსის მენტალიტეტი და ყოველთვის და ყოველდღე უნდა აჩვენო, რომ საუკეთესო ხარ“.

ქეცბაიამ ყურადღება იმაზეც გაამახვილა, რომ „ანორთოსისის“ საქმეს ორ ფრონტზე თამაში ართულებს.

„ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი გამარჯვება „ომონიასთან“, რომელმაც ჩემპიონატი ასევე ცუდად დაიწყო. არც ჩვენთვის და არც „ომონიასთვის“ ადვილი არ არის ეროვნული ჩემპიონატის პარალელურად ევროტურნირზე ასპარეზობა და ორივე შეჯიბრში თანაბარი ამბიციით გამოსვლა. მაგრამ სხვაგვარად არ შეგვიძლია. ნიქოზიაში წაგებული მატჩის შემდეგ მოვედით და მივიღეთ ის, რაც გვინდოდა – გამარჯვება და „ანორთოსისი“ ამას ვიმსახურებთ“.