თემურ ქეცბაია - ძალიან დამწყვიტა გული თემურ მახარაძის გარდაცვალებამ, მან დიდი როლი შეასრულა, პროფესიონალურ დონეზე რომ ვითამაშე #1TVSPORT
თემურ ქეცბაია სოციალურ ქსელში გამოეხმაურა თავისი ბავშვობის მწვრთნელის, თემურ მახარაძის გარდაცვალებას.
„ძალიან დამწყვიტა გული თემურ მახარაძის გარდაცვალებამ, რომელსაც გამორჩეული ადგილი აქვს ჩემს საფეხბურთო კარიერაში. გლდანის სკოლა-ინტერნატში სწორედ მისი ხელმძღვანელობით ვვარჯიშობდი და თემურმა დიდი როლი ითამაშა, რომ მე პროფესიონალურ დონეზე შევძელი თამაში.
ასევე, მან დიდი სამსახური გაუწია მთლიანად ქართულ ფეხბურთს და არაერთ ტალანტს მისცა თავის გამოჩენის შესაძლებლობა. მინდა, მხნეობა ვუსურვო ოჯახის წევრებს და ახლობლებს“, – წერს თემურ ქეცბაია.
საქართველოს დამოუკიდებლობის პერიოდის ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელი თემურ მახარაძე 30 დეკემბერს 75 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი ხელმძღვანელობით თემურ ქეცბაია გლდანის სპორტ-ინტერნატში ვარჯიშობოდა.
მახარაძე მუშაობდა თბილისის „ავტომობილისტში“, გლდანის სპორტ-ინტერნატში, „თელავში”, თბილისის „დინამოს” დუბლშემადგენლობაში, თბილისის „მერანი 91“-ში, თბილისის „ლოკომოტივში“, ბოლნისის „სიონში“, „ზესტაფონში“, რუსთავის „ოლიმპში“, გორის „დილაში“, „სასკოში“, ლანჩხუთის „გურიაში“, „საპოვნელაში“, „რუსთავში” და „გარეჯში“.
2007 წელს მისი ხელმძღვანელობით „ზესტაფონმა” საქართველოს თასი მოიპოვა, ხოლო 2009/10 წლების სეზონში რუსთავის „ოლიმპი” საქართველოს ჩემპიონი გახდა.