თემურ ჯანაშია - ცხრა წელი „ქართული ოცნება“ ჰპირდებოდა ამომრჩეველს, რომ სააკაშვილი სასამართლოს წინაშე წარდგებოდა, აგერ არის სასამართლო
თემურ ჯანაშია - ცხრა წელი „ქართული ოცნება“ ჰპირდებოდა ამომრჩეველს, რომ სააკაშვილი სასამართლოს წინაშე წარდგებოდა, აგერ არის სასამართლო

დღეს მარტივი მოცემულობაა, ადამიანი თუ ჯანმრთელია, უნდა მოიყვანონ სხდომაზე, თუ ავად არის, გადაიყვანონ საავადმყოფოში, – ამის შესახებ  „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თემურ ჯანაშიამ საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე ბრალდებულ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე დასწრების საკითხთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, ეჭვები ჩნდება, რამდენად ობიექტურადაა გამოძიებული საქმე.

„ცხრა წელი „ოცნება“ ჰპირდებოდა ამომრჩეველს, რომ სააკაშვილი წარდგებოდა სასამართლოს წინაშე და აგერ არის სასამართლო. უშუალოდ ის ფაქტი, რომ საქმე ამდენი ხანია, მიმდინარეობს, ისედაც ეჭვებს ბადებს, რამდენად ობიექტურადაა გამოძიებული. ამაზე ცხრა წელი ვლაპარაკობთ და ყველას შევაწყინეთ თავი ჩემი პიჯაკებით“, – განაცხადა თემურ ჯანაშიამ.

სააკაშვილის სასამართლო პროცესზე დასწრებასთან დაკავშირებით, ცოტა ხსნის წინ განცხადება გაავრცელა პენიტენციურმა სამსახურმა, სადაც აღნიშნულია, რომ მსჯავრდებულ სააკაშვილს ამ ეტაპზე შეწყვეტილი აქვს მკურნალობის არსებითი ნაწილი, ხოლო სასამართლო პროცესზე გაყვანა და დასწრება წარმოადგენს დამატებით რისკს მისი ჯანმრთელობისთვის.

შეგახსენებთ, საგამოძიებო უწყება საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსს, თემურ ჯანაშიას სახელმწიფო ბიუჯეტის თანხების გაფლანგვას ედავება.