პენიტენციური სამსახური - მსჯავრდებულ სააკაშვილს ამ ეტაპზე შეწყვეტილი აქვს მკურნალობის არსებითი ნაწილი, სასამართლო პროცესზე გაყვანა და დასწრება წარმოადგენს დამატებით რისკს მისი ჯანმრთელობისთვის
პენიტენციური სამსახური - მსჯავრდებულ სააკაშვილს ამ ეტაპზე შეწყვეტილი აქვს მკურნალობის არსებითი ნაწილი, სასამართლო პროცესზე გაყვანა და დასწრება წარმოადგენს დამატებით რისკს მისი ჯანმრთელობისთვის

სპეციალური პენიტენციური სამსახური მიხეილ სააკაშვილის სასამართლოში გაყვანასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ ამ ეტაპზე მას შეწყვეტილი აქვს მკურნალობის არსებითი ნაწილი და სასამართლო პროცესზე დასწრება წარმოადგენს დამატებით რისკს მისი ჯანმრთელობისთვის.

მათივე ცნობით, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, სპეციალური პენიტენციური სამსახური უზრუნველყოფს სააკაშვილის დისტანციურ მონაწილეობას სასამართლო სხდომაში, ასევე, შესაძლებელია სასამართლო სხდომის N18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში გამართვა.

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმოებაშია სს საქმე, დანაშაული, გათვალისწინებული სსკ-ის 315 მუხლის პირველი ნაწილით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ საჯაროდ გავრცელებული განცხადებით კი ცნობილი გახდა, რომ იგეგმებოდა მ. სააკაშვილის პენიტენციურ დაწესებულებაში ეტაპირებისთვის ხელის შეშლის მიზნით, დაწესებულებასთან მისასვლელი საავტომობილო გზების ბლოკირება, რიგი პოლიტიკური პარტიების წარმომადგენელთა საკუთრებაში არსებული ავტომანქანების საშუალებით. მათ განზრახული ჰქონდათ აღნიშნული დესტრუქციული ხასიათის მოქმედებების განხორციელება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებდა დაახლოებით 500-600 ავტომანქანა, რაც გამოიწვევდა უკონტროლო სიტუაციას, ქაოსს, და შექმნილი ვითარება ხელს შეუშლიდა მიხეილ სააკაშვილის ეტაპირების პროცესს.

აღნიშნული სახის ქმედებებს შესაძლოა ადგილი ჰქონდეს მისი სასამართლო დარბაზში ესკორტირების შემთხვევაშიც.

აღსანიშნავია, რომ სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად და უწყებიდან მიღებული ინფორმაციიდან გამომდინარე, მსჯავრდებულ მ. სააკაშვილის წარმოდგენა სასამართლო სხდომის დარბაზში, მისი უსაფრთხოების საკითხებიდან გამომდინარე, გარკვეულ რისკთან არის დაკავშირებული.

ამ ეტაპზე მსჯავრდებულ მ. სააკაშვილს შეწყვეტილი აქვს მკურნალობის არსებითი ნაწილი. სასამართლო პროცესზე მისი გაყვანა და დასწრება წარმოადგენს დამატებით რისკს მსჯავრდებულის ჯანმრთელობისთვის.

შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, სპეციალური პენიტენციური სამსახური უზრუნველყოფს ბრალდებულ/მსჯავრდებულ მ. სააკაშვილის დისტანციურ მონაწილეობას სასამართლო სხდომაში, ასევე, შესაძლებელია სასამართლო სხდომის N18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში გამართვა“, – აღნიშნულია პენიტენციური სამსახურის განცხადებაში.