თემურ ბენდიაშვილი - რაგბის კავშირის ხელმძღვანელობის არაპროფესიონალიზმი შედეგებში აისახა
თემურ ბენდიაშვილი - რაგბის კავშირის ხელმძღვანელობის არაპროფესიონალიზმი შედეგებში აისახა
მედიაცენტრ „მთავარში“ თემურ ბენდიაშვილმა პრესკონფერენცია გამართა. რაგბის კლუბ „ლოკომოტივის“ პრეზიდენტმა და მთავარმა მწვრთნელმა 31 იანვარს დაგეგმილ რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნებამდე არსებულ ვითარებაზე ილაპარაკა.
 
ბენდიაშვილმა რაგბის კავშირის მოქმედი ხელმძღვანელობა არაპროფესიონალიზმში დაადანაშაულა.
„არჩევნები მალე იქნება. შესაძლოა, გარედან არ ჩანს, მაგრამ ვითარება დაძაბულია. რაგბის კავშირის მოქმედ ხელმძღვანელობაში არაპროფესიონალები არიან და ეს შედეგებში აისახა. იაპონიაში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ფიჯისთან უნდა მოგვეგო, მაგრამ 45-10 წავაგეთ და შევრცხვით“, – ამბობს ბენდიაშვილი.
მისი განცხადებით, რაგბის კავშირმა ორგანიზაციის კუთვნილი ტერიტორიების ნაწილი არამიზნობრივად გაასხვისა, ხოლო სპორტის ეს სახეობა კრიზისშია: „ვაკეში კავშირს ჰქონდა მიწა. იმ დროს, როდესაც ვაკეში, სოლოლაკში, ვერაზე და საბურთალოზე რაგბის სტადიონები არ არის, ეს მიწა გაყიდეს. ახლა ვეუბნები, რომ ამ მიწას უნდა გაყვნენ“.
31 იანვარს დაგეგმილ რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნებში მისი ფავორიტი ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანი ირაკლი აბუსერიძეა: „რაგბის კავშირის მოქმედმა ხელმძღვანელობამ კარგად არ იცის რაგბი და მისი საჭიროება. ირაკლი აბუსერიძემ კი ეროვნულ ნაკრებში წლები ითამაშა, მისი კაპიტანი იყო და მას რაგბის სამყაროს საჭიროებები და მოთხოვნები კარგად ესმის“, ამბობს ბენდიაშვილი.
„ლოკომოტივის“ პრეზიდენტისა და მთავარი მწვრთნელის განცხადებებზე რაგბის კავშირში კომენტარს არ აკეთებენ.
დატოვე კომენტარი