თემურ აბაზოვი – რა ქვეყნიდან გასვლაზეა საუბარი, ერთხელ ვიყავი პრემიერთან ერთად პრეზიდენტის თვითმფრინავით, შს მინისტრთან შეთანხმებით
ელჩინ ალახვერდიევს დაურეკეს საკუთარი პარტიის წევრებმა და უთხრეს, რომ ბოდიში უნდა მოეხადა, – ამის შესახებ მარნეულის ყოფილმა მერმა, თემურ აბაზოვმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, სადაც მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობენ.
„ამ კაცს დაურეკეს საკუთარი პარტიის წევრებმა და უთხრეს, რომ ბოდიში უნდა მოეხადა. წახვალ და აბაზოვს ბოდიშს მოუხდიო. მე ვუთხარი წაშალეთქო, არასასიამივნო იყო ეს ვიდეო, გინება რა სასიამოვნო იყო. ვისაც ვიცნობდი, ვისთანაც კონტაქტი მქონდა, რომ წაეშალათ. რაც შეეხება ქვეყნიდან წასვლას, რა გასვლა, ერთხელ ვიყავი პრემიერთან ერთად პრეზიდენტის თვითმფრინავით, როცა საზღვარზე გავდიოდი, შს მინისტრთან შეთანხმებით მივდიოდი და ეს იყო სამსახურეობრივი“, – განაცხადა თემურ აბაზოვმა.
მარნეულის ყოფილ მერ თემურ აბაზოვს ბრალი დღეს წარუდგინეს.
მარნეულში მოქალაქე ელჩინ ალახვერდიევის მიმართ განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე პროკურატურამ გუშინ ბრალდებულად დააკავა მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი თემურ აბაზოვი, ხოლო ამავე მოქალაქის ცემის ფაქტზე, სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო საქართველოს პარლამენტის წევრის, პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ აზერ სულეიმანოვის, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, პარტია „ქართული ოცნებიდან“ რამინ ალახვერდიევის და მარნეულის მერის ნათესავის, მოქალაქე ე.გ-ს მიმართ.