თემურ აბაზოვი – ჩემი დაკავებით გაოგნებული ვარ, ჩართული ვარ გამოძიების პროცესში
ასი წელიც რომ მომისაჯონ, კანონის მომხრე ვარ, – ამის შესახებ მარნეულის ყოფილმა მერმა, თემურ აბაზოვმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, სადაც მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობენ.
„შემიძლია გითხრათ, რომ სხვა ცხოვრებით ვიცხოვრე. პოლიციის აკადემია დავამთავრე, კანონი არის ჩემთვის პირველი. არასდროს, არც ერთხელ კანონი არ დამირღვევია. მე ვარ კანონმომორჩილი ადამიანი. მთელი ცხოვრება ვვარჯიშობ. აზერბაიჯანში კიკბოქსში ჩემპიონი გავხდი. რაც შეეხება ჩემს გაქცევას, მე მისამართიც არ ვიცოდი პროკურორის, ამიხსენით-მეთქი, ვახშამზე ვიყავი, განრიგიც კი შევცვალე და 12:00 საათზე ვიქნებოდი პროკურატურაში. ასი წელიც რომ მომისაჯონ, კანონის მომხრე ვარ. გპირდებით, არ ვიცი, როგორ გითხრათ, აქვს თუ არა მნიშვნელობა. მინდა, რომ ვიყო სუფთა, გამორიცხულია ჩემი გაქცევა. ჩემი დაკავებით გაოგნებული ვარ, ჩართული ვარ გამოძიების პროცესში. დღე და ღამე მარნეულში ვმუშაობდი კანონის ფარგლებში. გეფიცებით, საკრებულოს თავმჯდომარე დავაჯარიმე, როცა დასაჯარიმებელი იყო. არავის თხოვნას არ ვითვალისწინებდი“, – განაცხადა თემურ აბაზოვმა.
მარნეულის ყოფილ მერ თემურ აბაზოვს ბრალი დღეს წარუდგინეს.
მარნეულში მოქალაქე ელჩინ ალახვერდიევის მიმართ განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე პროკურატურამ გუშინ ბრალდებულად დააკავა მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი თემურ აბაზოვი, ხოლო ამავე მოქალაქის ცემის ფაქტზე, სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო საქართველოს პარლამენტის წევრის, პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ აზერ სულეიმანოვის, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, პარტია „ქართული ოცნებიდან“ რამინ ალახვერდიევის და მარნეულის მერის ნათესავის, მოქალაქე ე.გ-ს მიმართ.