ტელეკომპანია „იბერიას“ თანამშრომლებმა აქცია გამართეს
ტელეკომპანია „იბერიას“ თანამშრომლებმა აქცია გამართეს

ტელეკომპანია „იბერიას“ თანამშრომლებმა სასტუმრო „რუმსის“ წინ, სადაც ჯონ მაკკეინის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებული თბილისის საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს, აქციას გამართეს.

როგორც აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, სურთ, კონფერენციაზე შეკრებილ საზოგადოებას გააგებინონ, რომ ხელისუფლება ზღუდავს თავისუფალ მედიასაშუალებებს.

მათივე თქმით, ხელისუფლების ინტერესებში დგას ტელეკომპანიის დახურვა.

7 სექტემბერს ტელეკომპანია „იბერიამ“ საგანგებო განცხადება გაავრცელა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „იბერიას“ გადაუკეტეს დაფინანსების მთავარი წყარო. კომპანია „ომეგა ჯგუფი“, რომლის შემადგენლობაშიც შედის ტელეკომპანია „იბერია“, პარალიზებულია.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით,  „ომეგა ჯგუფში“ შემავალი სიგარეტის მწარმოებელი კომპანია შპს „ოჯთ“ არის ერთადერთი კომპანია, რომელსაც ბიუჯეტის წინაშე 50 მილიონ ლარზე მეტი ვალი ერიცხება, რომლის ძირითად ნაწილს შეადგენს თამბაქოს ნაწარმზე აქციზის გადასახადის გადაუხდელობა. თანხის გადაუხდელობის გამო კი, ამჟამად, კომპანიის მიმართ გავრცელებულია იძულებითი ღონისძიებები – ინკასო და ყადაღა.

რამდენიმე დღის წინ კი, „იბერიამ“ სატელეფონო ჩანაწერი გაავრცელა, რომელშიც სავარაუდოდ სპორტის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი ტელეკომპანია „იბერიისა“ და „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელ ზაზა ოქრიაშვილს ესაუბრება.