ტელეკომპანია „იბერიას“ თანამშრომლები საპროტესტო მსვლელობას მართავენ
ტელეკომპანია „იბერიას“ თანამშრომლები საპროტესტო მსვლელობას მართავენ

ტელეკომპანია „იბერიას“ თანამშრომლები საპროტესტო მსვლელობას მართავენ. მათი თქმით, არხის გარშემო განვითარებულ მოვლენებს მთავრობის კანცელარიასთან გააპროტესტებენ.

როგორც ტელეკომპანიაში აცხადებენ, „იბერია“ სამი საათის განმავლობაში მაუწყებლობას გათიშავს. ამასთან, მათი თქმით, ტელევიზიაზე ხელისუფლების მხრიდან ზეწოლა ხდება. კერძოდ, თავდასხმა მიმდინარეობს „ომეგა ჯგუფზე“, რომელიც ტელეკომპანია „იბერიას“ აფინანსებს.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, მაუწყებლობის გათიშვას ხელისუფლება აიძულებს და მათ შევიწროვებას ცდილობს.

„თუ ასე არ არის, გუშინ პროკურატურას უნდა დაეწყო გამოძიება იმ ჩანაწერების გამო, რომელიც გავრცელდა“, – აღნიშნავენ აქციის მონაწილეები.

ტელეკომპანია „იბერიამ“ გუშინ სატელეფონო ჩანაწერი გაავრცელა, რომელშიც სავარაუდოდ სპორტის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი ტელეკომპანია „იბერიისა“ და „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელ ზაზა ოქრიაშვილს ესაუბრება.

ამასთან, 7 სექტემბერს ტელეკომპანია „იბერიამ“ საგანგებო განცხადება გაავრცელა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „იბერიას“ გადაუკეტეს დაფინანსების მთავარი წყარო. კომპანია „ომეგა ჯგუფი“, რომლის შემადგენლობაშიც შედის ტელეკომპანია „იბერია“, პარალიზებულია.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, „ომეგა ჯგუფში“ შემავალი სიგარეტის მწარმოებელი კომპანია შპს „ოჯთ“ არის ერთადერთი კომპანია, რომელსაც ბიუჯეტის წინაშე 50 მილიონ ლარზე მეტი ვალი ერიცხება, რომლის ძირითად ნაწილს შეადგენს თამბაქოს ნაწარმზე აქციზის გადასახადის გადაუხდელობა. თანხის გადაუხდელობის გამო კი, ამჟამად, კომპანიის მიმართ გავრცელებულია იძულებითი ღონისძიებები – ინკასო და ყადაღა.