„ტელეგრაფი“ - აშშ-ის ახალი ე.წ. სამშვიდობო გეგმის თანახმად, რუსეთის მიერ კონტროლირებადი დონბასისთვის მოსკოვმა უკრაინას ქირა უნდა გადაუხადოს
„ტელეგრაფი“ - აშშ-ის ახალი ე.წ. სამშვიდობო გეგმის თანახმად, რუსეთის მიერ კონტროლირებადი დონბასისთვის მოსკოვმა უკრაინას ქირა უნდა გადაუხადოს

აშშ-ის ახალი ე.წ. სამშვიდობო გეგმის თანახმად, რუსეთის მიერ კონტროლირებადი დონბასისთვის მოსკოვმა უკრაინას ქირა უნდა გადაუხადოს.

„ტელეგრაფის“ ინფორმაციით, ტრამპის ადმინისტრაციის გარიგების თანახმად, კიევი აღმოსავლეთ დონბასის რეგიონზე კონტროლს დათმობს, მაგრამ იურიდიულ საკუთრებას შეინარჩუნებს. რუსეთი რეგიონის ფაქტობრივი კონტროლისთვის გადაიხდის ჯერჯერობით უცნობ საიჯარო საფასურს. უკრაინის ტერიტორიის დათმობის იძულებასთან ერთად, შეთანხმება კიევის სამხედრო ძალების რაოდენობის ორჯერ შემცირებას და უკრაინისთვის შორი მოქმედების რაკეტების ფლობის აკრძალვას ითვალისწინებს.

გეგმის თანახმად, დაიბლოკება უცხოური ჯარების განლაგება უკრაინაში და შეწყდება აშშ-ის სამხედრო დახმარება. რუსული ენა გამოცხადდება სახელმწიფო ენად და რუსეთის მართლმადიდებლურ ეკლესიას მიენიჭება ოფიციალური სტატუსი ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გეგმის მიხედვით, უკრაინას მიეცემა უფლება, მოლაპარაკებები გამართოს აშშ-ისა და ევროპის მთავრობებთან უსაფრთხოების გარანტიებზე, რათა ხელი შეეწყოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შენარჩუნებას.

წყაროების ცნობით, თეთრმა სახლმა ვოლოდიმირ ზელენსკის უთხრა, რომ ის პირობებს უნდა დათანხმდეს, რადგან უკრაინის პრეზიდენტის პოზიციები კორუფციულმა სკანდალმა დაასუსტა.

ცნობისთვის, „ფაინენშალ თაიმსმა“ ე.წ. სამშვიდობო გეგმის ახალი დეტალები გაავრცელა, რომელიც, გამოცემის წყაროების განმარტებით, მაიამიში შეიმუშავეს რუსეთისა და აშშ-ის წარმომადგენლებმა. წყაროების ცნობით, ახალი გეგმა კიევის მხრიდან მნიშვნელოვან დათმობებს ითვალისწინებს.