„ფაინენშალ თაიმსი“ - მაიამიში რუსეთისა და აშშ-ის წარმომადგენლებმა შეიმუშავეს ე.წ. სამშვიდობო გეგმა, რომელიც კიევის მხრიდან მნიშვნელოვან დათმობებს ითვალისწინებს, კიევი გეგმას მიუღებლად მიიჩნევს
„ფაინენშალ თაიმსი“ - მაიამიში რუსეთისა და აშშ-ის წარმომადგენლებმა შეიმუშავეს ე.წ. სამშვიდობო გეგმა, რომელიც კიევის მხრიდან მნიშვნელოვან დათმობებს ითვალისწინებს, კიევი გეგმას მიუღებლად მიიჩნევს

„ფაინენშალ თაიმსი“ უკრაინის ე.წ. სამშვიდობო გეგმის შესახებ ახალ დეტალებს აქვეყნებს, რომელიც, გამოცემის წყაროს ინფორმაციით, მაიამიში რუსეთისა და აშშ-ის წარმომადგენლებმა შეიმუშავეს.

როგორც გამოცემა წერს, გეგმა უკვე გადაეცა უკრაინულ მხარეს და კიევი მას მიუღებლად მიიჩნევს.

„ფაინენშალ თაიმსის“ წყაროების ცნობით, ახალი გეგმა უკრაინის მხრიდან მნიშვნელოვან დათმობებს ითვალისწინებს და მის შემუშავებაში რუსი და ამერიკელი მაღალჩინოსნები მონაწილეობდნენ.

წყაროების ინფორმაციით, სამშვიდობო გეგმის პროექტი მოითხოვს უკრაინისგან დონბასის დარჩენილი ნაწილის, მათ შორის კიევის მიერ ამჟამად კონტროლირებული ტერიტორიების, გადაცემას, ასევე შეიარაღებული ძალებისა და აშშ-ის სამხედრო დახმარების შემცირებასაც.

ამასთან, „ფაინენშალ თაიმსის“ ცნობით, გეგმა ითვალისწინებს რუსული ენის ოფიციალურ სახელმწიფო ენად აღიარებას უკრაინაში და რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ოფიციალური სტატუსის მინიჭებას.