თელავში, ერეკლე მეორის სასახლეში საქართველოს არჩეული პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციისთვის ემზადებიან.
სალომე ზურაბიშვილი ინაუგურაციის დაწყებამდე ბოლო რეპეტიციას გადის. ასევე, რეპეტიციას გადიან საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები.
ადგილზე იმყოფებიან საქართველოს მთავრობისა და ინაუგურაციის საორგანიზაციო ჯგუფის წევრები.
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის ინაუგურაციას დაესწრება მსოფლიოს 55-მდე ქვეყნის 150-მდე წარმომადგენელი.
ინაუგურაციის სცენარის თანახმად, 15:00 საათზე ჯარი მზადყოფნაში იქნება, გამოვლენ საჯარისო ქვედანაყოფების მედროშეები, შემდეგ მოქმედი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და არჩეული პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. გაიმართება ფიცის დადება. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ბიბლიაზე დადებს კონსტიტუციას, პრეზიდენტი ფიცს დადებს ბიბლიასა და კონსტიტუციაზე.
ფიცის დადების ცერემონიის შემდგომ, ძალაში შევა საქართველოს ახალი კონსტიტუცია.