თელავში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით დაკავებული გიორგი ჭიღლაძე გირაოს სანაცვლოს გათავისუფლდა

12:12, 21.07.2026

თელავში, ერთ-ერთ სასტუმროში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით დაკავებული გიორგი ჭიღლაძე 5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოს გათავისუფლდა.

გიორგი ჭიღლაძე სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლდა.

საქმეზე გადაწყვეტილება თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, თამარ კაპანაძემ მიიღო.

როგორც გიორგი ჭიღლაძის ადვოკატმა, ლაშა კაპანაძემ აღნიშნა, სასტუმროს ადმინისტრაციამ მზაობა გამოხატა, გიაროს თანხა გადაიხადოს.

„მოსამართლემ დააკმაყოფილა ჩვენი შუამდგომლობა, რომ საპატიმრო გირაო არ ყოფილიყო გამოყენებული. ძალიან დიდი მადლობა ქართველ ხალხს, იმ ჟურნალისტებს, რომლებიც მომხდარი ფაქტიდანვე ჩართული იყვნენ ამ საქმეში და 24 საათის განმავლობაში აშუქებდნენ მიმდინარე მოვლენებს. მადლობა ბრალდების მხარესაც, რადგან გაიზიარა საზოგადოების აზრი და თავიდანვე მიმართა სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენებაზე. მინდა, აღვნიშნო, რომ სასტუმროს ადმინისტრაციამ მზაობა გამოთქვა, გირაოს თანხა გადაიხადოს“, – განაცხადა კაპანაძემ.

საქმის პროკურორმა, ბექა ნათელაურმა განაცხადა, რომ გამოძიებისას თუ გამოიკვეთება რუსი ტურისტების მხრიდან რაიმე სახის ქმედების ჩადენა, ადმინისტრაციული თუ სისხლის სამართლის, შესაბამისი რეაგირება მოხდება.

„მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის უშუალოდ ფაქტის თვითმხილველი პირების გამოკითხვა. გამოთხოვილია და საქმეს ერთვის არაერთი ვიდეოჩანაწერი. ყველა მიმართულებით მიმდინარეობს გამოძიება. აღნიშნული ქალბატონების მიმართ თუ გამოიკვეთება რაიმე სახის ქმედების ჩადენა, იქნება ადმინისტრაციული თუ სისხლის სამართლის კატეგორიის, მიეცემა შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება“, – აღნიშნა ნათელაურმა.

ცნობისთვის, პროკურატურა დაკავებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიებად გირაოს შეფარდებას ითხოვდა.

მანამდე მომხდართან დაკავშირებით ოფიციალური ინფორმაცია შსს-მ გაავრცელა.

„მოწმეთა ჩვენებების მიხედვით, თელავში, ერთ-ერთ სასტუმროში ქორწილის მიმდინარეობისას სასტუმროში დამსვენებელმა უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა სასტუმროს ნომრის აივნიდან შეურაცხყოფა მიაყენეს ქორწილში მყოფ პირებს და წყალი დაასხეს აპარატურას, რის შემდეგაც ბრალდებულმა ფიზიკური დაზიანება მიაყენა უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალს. დაშავებული შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში გადაიყვანეს. ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დანაშაულის ჩამდენი პირი დაკავებულია“, – ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.

მსგავსი