თელავში, ერთ-ერთ სასტუმროში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით დაკავებული პირის მიმართ პროკურატურა აღკვეთის ღონისძიებად გირაოს მოითხოვს

16:09, 20.07.2026

კახეთში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით დაკავებულ პირს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინება ბრალი, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.

როგორც პროკურატურაში აცხადებენ, პროკურატურა დაკავებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიებად 5 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას მოითხოვს.

თელავში ინციდენტის შესახებ გუშინ გახდა ცნობილი. შსს-მ მომხდართან დაკავშირებით ოფიციალური ინფორმაცია გაავრცელა.

„მოწმეთა ჩვენებების მიხედვით, თელავში, ერთ-ერთ სასტუმროში ქორწილის მიმდინარეობისას სასტუმროში დამსვენებელმა უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა სასტუმროს ნომრის აივნიდან შეურაცხყოფა მიაყენეს ქორწილში მყოფ პირებს და წყალი დაასხეს აპარატურას, რის შემდეგაც ბრალდებულმა ფიზიკური დაზიანება მიაყენა უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალს. დაშავებული შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში გადაიყვანეს. ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დანაშაულის ჩამდენი პირი დაკავებულია“, – ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.

სასამართლო დაკავებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე, სავარაუდოდ, ხვალ იმსჯელებს.

მსგავსი