„თელავის“ მწვრთნელი - კონკურენტებთან მოგება ფსიქოლოგიურად მნიშვნელოვანი იყო #1TVSPORT
„თელავის“ მწვრთნელი - კონკურენტებთან მოგება ფსიქოლოგიურად მნიშვნელოვანი იყო #1TVSPORT

„თელავის“ მთავარმა მწვრთნელმა, გიორგი ჭელიძე გუნდის ოფიციალურ ვებგვერდთან ინტერვიუში ეროვნულ ლიგაში გამართული ბოლო სამი მატჩი ( „საბურთალო“, „ლოკომოტივი“, „სიონი“) შეაფასა.

„მინდა, ყველას მივულოცო ბოლო მატჩში „სიონთან“ გამარჯვება. მნიშვნელოვანი 3 ქულა ავიღეთ. „საბურთალოსთან“ რთული თამაში გამოვიდა, იყო რაღაც მიზეზები, რამაც იმოქმედა ბიჭებზე და მთლიანად გუნდზე, გვქონდა შეცდომებიც, მაგრამ რას ვიზამთ, ფეხბურთია და ჩვენც ვცდილობთ, ამ შეცდომებზე ვისწავლოთ და ხარვეზები აღმოვფხვრათ. „ლოკომოტივთან“ და „სიონთან“ მატჩები სწორედ ამის გამოძახილი იყო, ბიჭებმა ძალიან კარგად ითამაშეს, ის დავალება, რაც ამ თამაშებში მივეცით, მინდორზე ზედმიწევნით გადაიტანეს, მშვენივრად ასახეს შედეგებში და გულშემატკივრები გაახარეს.

– ზედიზედ ორმა მნიშვნელოვანმა გამარჯვებამ უშუალო კონკურენტებთან გუნდის ფსიქოლოგიურ განწყობა ნამდვილად შეცვალა. ორივესთან მართლაც მნიშვნელოვანი თამაშები გვქონდა, „ლოკომოტივი“ და „სიონი“ ჩვენი პირდაპირი კონკურენტები არიან და უბრალოდ, არ გვქონდა უფლება, რომ მათთან ქულები დაგვეკარგა. მინდა, ბიჭებს დიდი მადლობა გადავუხადო თავდადებული შრომისთვის, ვარჯიშებსა და თამაშებზე მაქსიმალურად იხარჯებიან და მათთან მუშაობა ჩემთვის ერთი სიამოვნებაა.

– სხვანაირად არც გამოდის – ფეხბურთელი, რომელიც გუნდშია და ბოლომდე არ დაიხარჯა, გამორიცხულია, ფეხბურთის და თამაშის დინამიკას აჰყვეს. ჩვენ, ასე ვთქვათ, ერთმანეთზე ვართ მიბმულნი და კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, ნამდვილად ამაყი და ბედნიერი ვარ, რომ მერგო ეს ჯილდო და სიამოვნება, რასაც მათთან მუშაობისას განვიცდი. ჩვენ ძალიან მაგარი გულშემატკივრები გვყავს, მათი ნებისმიერი ტაში და გამხნევება ჩვენთვის ძალიან სასიამოვნო და მნიშვნელოვანია. შესაბამისად, ჩვენც ვცდილობთ, ისინი ჩვენი თამაშით და შედეგით გავახაროთ – ჩვენ ვთამაშობთ თელავისთვის და თელაველებისთვის“, – ამბობს გიორგი ჭელიძე.