„თელავის“ კაპიტანმა კარიერა დაასრულა
„თელავის“ კაპიტანმა კარიერა დაასრულა

კრისტალბეთლიგა 2-ის ერთ-ერთი ლიდერის, „თელავის“ კაპიტანმა, გიორგი მურველაშვილმა კარიერა დაასრულა. ინფორმაციას კლუბის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

„საფეხბურთო კლუბი „თელავი“ 2016 წელს დაარსდა და ჩვენი გუნდის პირველი და უცვლელი კაპიტანი თელაველი კაცი, გიორგი მურველაშვილი გახლდათ. გიორგი მურველაშვილი „თელავის“ ღირსებას სამი წლის განმავლობაში, 2016, 2017 და 2018 წლების სეზონებში იცავდა, წელს კი მოთამაშის კარიერა დაასრულა. მან „თელავის“ მაისურით 51 ოფიციალური შეხვედრა ჩაატარა და გიორგისთვის პატივისცემა სიმბოლურად „გივი ჩოხელზე“, საკუთარი გულშემატკივრების თვალწინ გადავწყვიტეთ. გიორგი მურველაშვილი დღეს „თელავი“ – „შევარდენი 1906“-ის მატჩის შესვენებისას საგანგებო პრიზით სკ „თელავის“ სპორტულმა დირექტორმა, სოსო გრიშიკაშვილმა დააჯილდოვა“, – წერია „თელავის“ ოფიციალურ გვერდზე.

გიორგი მურველაშვილი მესამე ლიგაში მოთამაშე სრულიად უცნობი მცველი იყო, 2011 წელს ეროვნული ლიგის ერთ-ერთ ლიდერ რუსთავის „მეტალურგში“ რომ მიიწვიეს. ის მალე რუსთაველთა ძირითადი შემადგენლობის მოთამაშე გახდა და გუნდთან ერთად ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.