„თელავი“ „კავკასიონ არენაზე“ დამარცხდა - ბათუმის „დინამომ“ „დინამო თბილისთან“ სხვაობა შეამცირა #1TVSPORT
„თელავი“ „კავკასიონ არენაზე“ დამარცხდა - ბათუმის „დინამომ“ „დინამო თბილისთან“ სხვაობა შეამცირა #1TVSPORT

ეროვნულ ლიგაში მე-7 ტურის ბოლო მატჩი „კავკასიონი არენაზე“ გაიმართა – „თელავმა“ ბათუმის „დინამოს“ უმასპინძლა და დაძაბულ დაპირისპირებაში დამარცხდა.

მთავარი მოვლენები მეორე ტაიში მოხდა. 58-ე წუთზე, ლადო მამუჩაშვილის შესრულებული ჯარიმის შემდეგ მეკარე გიორგი ჩოჩიშვილმა ბურთი მოიგერია, მაგრამ დამატებაზე ჯაბა ჯიღაურმა მცველებს დაასწრო და ანგარიში გახსნა.

ბათუმელებმა მეორე გოლი მალე გაიტანეს. მამუჩაშვილმა ამჯერად კუთხური შეასრულა, თელავალებმა ბურთი ვერ მოიგერიეს და საჯარიმოში უმეთვალყურეოდ დარჩენილმა სანდრო ალთუნაშვილმა ზუსტად დაარტყა.

თელაველებმა სხვაობა სწრაფი და ეფექტური კომბინაციით ხუთ წუთში შეამცირეს. მარჯვენა ფლანგიდან შეტევა შოთა შეყილაძემ განავითარა და ბურთი საჯარიმოში ჩაკიდა, სადაც რატი არდაზიშვილმა ერთი შეხებით ეფექტურად დაარტყა და გუნდს ქულის გადარჩენის იმედი შეუნარჩუნა. მაგრამ მასპინძელთა მცდელობის მიუხედავად, საბოლოოდ, ანგარიში არ შეცვლილა და ბათუმელებმა მორიგი 3 ქულა მოიპოვეს – 2:1.

7 ტურის შემდეგ ბათუმის „დინამომ“ 15 ქულა დააგროვა და ლიდერთან, „დინამო თბილისთან“ (16) სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა, ხოლო „თელავი“ 5 ქულით მე-7 ადგილზე დარჩა.


„თელავი“ – „დინამო“ ბთ 1:2


გოლები: 0:1 ჯიღაური (58), 0:2 ალთუნაშვილი (61. აზაცკის პასით), 1:2 არდაზიშვილი (66. შეყილაძის პასით)

გაფრთხილებები: ბაიბალაევი (41), ირაკლი აზაროვი (63), ოლეკსანდრ აზაცკი (63), ლ. კოხრეიძე (84), ალთუნაშვილი (85)