„თელავი“ ახალ სეზონს ფინანსურად გაძლიერებული შეხვდება #1TVSPORT
„თელავი“ ახალ სეზონს ფინანსურად გაძლიერებული შეხვდება #1TVSPORT

„თელავმა“ ეროვნული ლიგის ბოლო ტურში „საბურთალო“ 1:0 დაამარცხა და ეროვნულ ლიგაში ადგილი შეინარჩუნა, შედეგად კი ახალი პარტნიორი შეიძინა – ინფორმაციას კლუბსი პრეს-სამსახური ავრცელებს.

„2023 წელს საფეხბურთო კლუბი „თელავი“ სიახლით დაიწყებს – ჩვენს კლუბს ახალი პარტნიორი ეყოლება – „თელავის ღვინის მარანი“. ცხადია, ჩვენი კლუბი მოხარულია კომპანიის დაინტერესებით, აქტიური მონაწილეობა მიიღოს „თელავის“ წინსვლა-განვითარებაში. ჩვენი მხრიდან კი მადლობა გვერდში დგომისთვის და მხარდაჭერისთვის. ძალა ერთობაშია და გვჯერა, წარმატებები ერთობლივი ქმედითი ნაბიჯებით მოვა“ – წერია „თელავის“ ოფიციალური გვერდის გავრცელებულ ცნობაში.

ეს ფაქტი, შესაძლოა, პრეცედენტი გახდეს, რადგან ქართულ საკლუბო ფეხბურთში პარტნიორების დეფიციტი აშკარაა, რაც კლუბების ფინანსური პრობლემების და შესაბამისად, დაბალი დონის ერთ-ერთი მიზეზია. ამის გამო ბოლო წლებში ქართულ ფეხბურთში კერძო კლუბების რაოდენობაც ვერ იზრდება.

რაც შეეხება „თელავს“, საფეხბურთო კლუბი „თელავი“ 2016 წლის 19 ივლისს დააფუძნეს ახლო წარსულში საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა – ალექსანდრე ამისულაშვილმა, სოსო გრიშიკაშვილმა და ირაკლი ვაშაკიძემ.

„თელავმა“ რამდენიმეწლიანი უფეხბურთობის შემდეგ, ქალაქსა და რეგიონს დიდი ფეხბურთი დაუბრუნა, ერთი ამოსუნთქვით მოიგო რეგიონალლიგა, ლიგა 3, ეროვნული ლიგა 2 და დაარსებიდან მეოთხე წელს, ქვეყნის უძლიერესთა ლიგაში დაწინაურდა.

აქვე ვიტყვით, რომ 2021 წელს გადაწყდა გივი ჩოხელის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედნის რეაბილიტაცია და თუ ეს პროექტი განხორციელდება, სარაგბო „კავკასიონი არენას“ შეხიზნული გუნდი საკუთარ სტადიონს დაუბრუნდება.